მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 7.1%-ით გაიზარდა - რამდენი ობიექტი მიიღეს ექსპლუატაციაში 2024 წელს

საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვები გაიზარდა, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობამ კი მხოლოდ შარშან 3 604 შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს გაცემულია 12 080 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 7.1 პროცენტით მეტი) 12 040.4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 28.4 პროცენტით მეტი) შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ნებართვების 73.5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.8 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.0 პროცენტი - კახეთის რეგიონზე.

mshenebloba1-1738220483.jpg

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2024 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3 245.6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტით ნაკლები) 3 604 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 13.3 პროცენტით მეტი).

აღსანიშნავია, რომ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 36.2 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.2 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.7 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 7.7 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

mshenebloba2-1738220509.jpg