გერმანიაში საპარლამენტო ოპოზიციამ მიაღწია რეზოლუციის მიღებას, რომელიც მიგრაციის პოლიტიკის რადიკალურად გამკაცრებას ისახავს მიზნად.
ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
კერძოდ, ბუნდესტაგის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიულ/ქრისტიან-სოციალური კავშრის (CDU/CSU) ინიციატივას, რომელიც, მათ შორის, მოიცავს მუდმივი სასაზღვრო კონტროლის აღდგენას, საზღვარზევე უარის თქმის შესაძლებლობას თავშესაფარზე და დეპორტაციას დაქვემდებარებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავებას.
რეზოლუციას საბოლოოდ 348-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 345 წინააღმდეგი იყო, ხოლო 10-მა თავი შეიკავა. CDU/CSU-ს გარდა, დოკუმენტმა FDP-ისა (თავისუფალი დემოკრატიული პარტიის) და მემარჯვენე AfD-ის („ალტერნატივა გერმანიისთვის“) მხარდაჭერა მიიღო. წინააღმდეგი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD), „ალიანსი 90/მწვანეებისა“ და მემარცხენე პარტიის წარმომადგენლები იყვნენ.
CDU/CSU-ის ბლოკი გერმანიაში მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით ემიგრანტების მიერ განხორციელებული გახმაურებული თავდასხმების სერიის შემდეგ გამოვიდა. კერძოდ, 22 იანვარს, ბავარიის ქალაქ აშაფენბურგში 28 წლის ავღანელი, რომელსაც გერმანიაში ყოფნის უფლება არ ჰქონდა, გამვლელებს დანით დაესხა თავს. თავდასხმას ორი წლის ბავშვი და 41 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ხოლო სამი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი დაშავდა.
ასევე, ერთი თვით ადრე, 20 დეკემბერს მაგდებურგში ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე ხალხში მთელი სისწრაფით შევარდა. ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-ზე მეტი დაშავდა. თავდამსხმელი საუდის არაბეთიდან 50 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელსაც გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ