2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების მხრიდან 7.4 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 4.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებმა 6.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.6%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
ამასთან, საქსტატის მიხედვით, 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.4 მილიონს მიაღწია, რაც 5.4%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
აქედან, საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
სტატისტიკის თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების 78.8% მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტები - 17.2%, ხოლო ვიზიტორების - 4.0% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
რაც შეეხება ქვეყნებს, რომლის მოქალაქეებიც 2024 წელს საქართველოში ვიზიტებით ლიდერობდნენ, ესენია, რუსეთი, თურქეთი და სომხეთი.
უფრო კონკრეტულად, 1.2 მილიონი დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 19.0%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.7%-ით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.4 მილიონი), თურქეთისა (1.3 მილიონი) და სომხეთის (0.9 მილიონი) მოქალაქეების მიერ.