ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია “ყაზმუნაიგაზი” (KazMunaiGas-KMG) წელს კაშაგანის საბადოზე KMG-ის რესურსებიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით 250,000 ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს.
ამის შესახებ კომპანიაში სააგენტო Reuters-ს განუცხადეს.
27 იანვარს KMG-მ ბაქოს პორტში ტანკერ Taraz-ით კაშაგანის ნავთობის პირველი პარტიის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა, თუმცა მიწოდების მოცულობა არ დაუზუსტებია. Reuters-ის ცნობით, ამ ტანკერის დედვეიტი, ანუ სრული ტვირთამწეობა 6,980 ტონას შეადგენს.
ბთჯ-ის მილსადენს ყაზახური ნავთობი, ძირითადად, Tengizchevroil-დან (TCO) მიეწოდებოდა, რასაც უკვე კაშაგანის საბადო დაემატა. ნავთობი აქტაუს პორტიდან კასპიის გავლით ბაქოს პორტში ტრანსპორტირდება, შემდეგ კი ბთჯ-ის მილსადენში გადაიქაჩება.
KMG-ში აცხადებენ, რომ ბთჯ-ის მილსადენით ყაზახური ნავთობის ექსპორტის ზრდა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შემდგომ განვითარებას ხელს უწყობს.
მიმდინარე თვეს ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ დააანონსა, რომ წელს ბთჯ-ის მილსადენით ტრანსპორტირების გეგმა 2024 წლის დონეზე დარჩება, როცა ყაზახური ნავთობის ტრანზიტი 1.5 მლნ ტონაზე იყო გათვლილი. გასული წლის ბოლოს ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრ ალმასადამ სათკალიევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი ბთჯ-ის მარშრუტით ნავთობმიწოდების 1,5 მლნ ტონიდან 20 მლნ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს.
ცნობისთვის: ბთჯ-ის მილსადენის მთლიანი სიგრძე 1,768 კილომეტრია, რომელიც ნავთობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თურქეთის პორტ ჯეიჰანს ტანკერებით შემდგომი გადაზიდვისთვის აწვდის. მილსადენის სიმძლავრე დღეში 1,2 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტის საშუალებას იძლევა. პროექტის თანახმად, მილსადენის სიმძლავრის გაზრდა დღეში 2,2 მლნ ბარელამდე არის შესაძლებელი.
29 ნოემბერს ნორვეგიულმა კომპანია Equinor-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან და ინდურ ONGC Videsh Limited-თან გარიგება დახურა, რომელიც აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის (ACG-ის) საბადოების ბლოკის განვითარების პროექტში და ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორ კომპანია BTC Co-ში თავისი წილის გაყიდვას ეხება. გარიგების ჯამური ოდენობა 720 მლნ დოლარია.
ახალი გარიგების გათვალისწინებით, ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია BTC Co-ს აქციონერები არიან: BP plc (30.1%), SOCAR (32.96%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni და TotalEnergies (სათითაოდ 5%), Itochu (3.4%), ExxonMobil და Inpex (სათითაოდ 2,5%) და ONGC Videsh (3,11%).
მოამზადა ლადო სულაბერიძემ