„ევროპას ასეთი ქვეყნიდან არც ექსპორტი სჭირდება და არც იმპორტი - თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ჩვენთვის ევროპის კარი დაიხურება“

„ისეთი ქვეყნიდან არც ექსპორტი სჭირდებათ და არც იმპორტი, სადაც არასტაბილური გარემოა“, - ამის შესახებ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა საქართველოში მიმდინარე პროცესების პარალელურად ექსპორტიორებისთვის შექმნილ გამოწვევებზე, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ბეჟიტაშვილის თქმით, თუ ვითარება არ დასტაბილურდება, ევროპის კარი საქართველოსთვის როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად დაიხურება.

"გასაკვირი არაფერია. თუ ასეთი ტენდენცია იქნება, ჩვენთვის დაიკეტება ევროპის კარი როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად".

„რა თქმა უნდა, ისეთი ქვეყნიდან არც ექსპორტი სჭირდებათ და არც იმპორტი, სადაც ასეთი პროცესები მიდის და არასტაბილური გარემოა. ჩვენ თავის დროზე მოგვეცა წვდომა და ისტორიული ფაქტი იყო, რომ 500-მილიონიან ბაზარზე შეგვიშვეს, მაგრამ ამ ეტაპზე ისეთი პროცესები ვითარდება საქართველოში, რომ რა თქმა უნდა, ევროპული ქვეყნები თავისი ქვეყნის შიგნით არც პროდუქციას და შემდგომში არც იმ ქვეყნის მოქალაქეებს შეუშვებენ, არც მთავრობას და არც უბრალოდ მოქალაქეებს, რომლებიც არადემოკრატიულ გზას ირჩევენ, დიქტატურას ირჩევენ და რუსეთთან იქნებიან პირდაპირ მიბმულები პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც. ეს არის შესაბამისი რეაქცია და ბუნებრივია. გასაკვირი არაფერია. თუ ასეთი ტენდენცია იქნება, ჩვენთვის დაიკეტება ევროპის კარი როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. ესენი ერთმანეთზეა გადაბმული და აქ გამიჯვნა ვერ მოხდება.

საქართველო მოექცევა იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ არეალში, რომელიც უკავშირდება რუსეთს, დიქტატურას და შესაბამისად, ამ რისკების გათვლით ჩვენი ტიპის ქვეყნებთან ისინი არ იურთიერთობებენ. ეს არის ბუნებრივი“,- აცხადებს ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი.

კითხვას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება რა დამატებით რისკებს ქმნის საქართველოს სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობებისთვის, ბეჟიტაშვილი პასუხობს, რომ „ქვეყანას უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ცუდი დღის წესრიგი დაუდგეს“.

„არჩევნების შემდეგ მათ [ქართული ოცნება] გადაწყვიტეს, რომ შემოებრუნებინათ ვექტორი და სრული სვლით რუსეთისკენ აიღეს გეზი. სხვა სახელი ამას ფიზიკურად არ ჰქვია, როდესაც ერთ მიმართულებას აჩერებ მიუხედავად იმისა, რომ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია არ გაგაჩნია. ასეთ პირობებში, ქვეყანაში შიდა არეულობისა და საგარეო იზოლაციის ძალიან დიდი რისკები არსებობს. პროცესების პროგნოზი, ფაქტობრივად, ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან არანაირი ნათელი წერტილი არ ჩანს. ხელისუფლებად წოდებული ხალხი არ იმჩნევს იმ დიდი დუღილის ტემპერატურას, რომელიც ქვეყნის შიგნითაა. შესაბამისად, ეს პროცესები ძალიან უარყოფითად მოქმედებს. კარგად ხედავენ, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ცუდი დღის წესრიგი დაუდგეს. ბოლო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ზოგადად, თანამედროვე ცივილური სამყაროს ნაწილად ყოფნის კუთხით, კიდევ ერთი ცუდი ნაბიჯია“,- განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

ცნობისთვის, ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გვანცა მელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქართველი ექსპორტიორებისთვის საბაჟო პროცედურები და დოკუმენტაციის დადასტურება გართულებულია. მელაძე ამას იმით ხსნის, რომ ევროპელი იმპორტიორები საქართველოს მიიჩნევენ უფრო მაღალი რისკის მქონე ბაზრად, ვიდრე აქამდე იყო, რაც ნაწილობრივ სანქციებთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ის მმართველი პარტიის წევრმა, თეა წულუკიანმა მას შემდეგ გაახმოვანა, რაც ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო. წულუკიანის განმარტებით, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველმოკლებულია“.

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა