ჩეხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რეზერვების ბიტკოინში გადატანას აპირებს

ჩეხეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, ალეშ მიხლი ქვეყნის მილიარდობით ევროს რეზერვების ბიტკოინში გადატანას აპირებს, რაც დასავლეთში ინოვაციური ნაბიჯია.

ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

გამოცემის შეფასებით, ჩეხეთის ეროვნული ბანკი შესაძლოა, დასავლეთის პირველი ცენტრალური ბანკი გახდეს, რომელიც კრიპტოაქტივებს დაეუფლება.

ალეშ მიხლი ბიტკოინში ინვესტიციის გეგმას, როგორც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის გზას, დირექტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე წარუდგენს. მისი თქმით, თუ საბჭო გეგმას დაამტკიცებს, ჩეხეთის ეროვნულ ბანკი თავისი 140 მლრდ ევროს რეზერვების 5%-ს ბიტკოინში შეინახავს.

"ჩვენი აქტივების დივერსიფიკაციისთვის, ბიტკოინი კარგად გამოიყურება. ამ ბიჭებმა ტრამპის გუნდიდან შესაძლოა, ბიტკოინისთვის გარკვეული ბუშტი შექმნან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ტენდენცია მათ გარეშეც გაიზრდება, რადგან ეს უკვე ბევრი ადამიანისთვის ინვესტიციის ალტერნატივაა,” - ამბობს მიხლი.

ტრადიციულად, ცენტრალური ბანკები თავიანთ რეზერვებს კონსერვატიულ აქტივებში ინახავენ, როგორიც არის აშშ-ის სახაზინო და სხვა ტიპის მაღალრეიტინგული ობლიგაციები. ზოგიერთი ეროვნული ბანკი აქციებსაც ფლობს, მაგრამ, თითქმის, არცერთ მათგანს კრიპტოვალუტაში საჯარო ინვესტიცია არ განუხორციელებია.

ალეშ მიხლი ამბობს, რომ ბიტკოინის შესახებ, მის კოლეგებთან შედარებით, “მეტად განსხვავებული ფილოსოფია” აქვს. მისი მონაცემებით, ჩეხეთის ეროვნულ ბანკს გასული ათწლეულის განმავლობაში თავისი სავალუტო რეზერვების 5% ბიტკოინში რომ შეენახა, მისი წლიური შემოსავალი 3,5%-ით გაიზრდებოდა.

ცნობისთვის: ჩეხეთის ცენტრალური ბანკის 140 მლრდ ევროს ოდენობის სავალუტო რეზერვი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 45%-ია. ბანკი სხვა ცენტრალურ ბანკებს შორის უკვე გამოირჩევა იმით, რომ მისი პორტფელის 22%-ს აქციები შეადგენს, საიდანაც 30% აშშ-ის აქციებია. ალეშ მიხლს სურს, სამ წელიწადში ამერიკული აქციები ეროვნული ბანკის პორტფელის ნახევარს შეადგენდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ