ოთარ დანელია ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ჰან ჩანგფუს მიწვევით პეკინში იმყოფება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ოთარ დანელიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ჰან ჩანგფუსთან შეხვედრაზე აგრარულ დარგში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივაზე ისაუბრა. მინისტრმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრაზე დარგის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე ჰან ჩანგფუმ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრებს თანამშრომლობის ზუსტად გაწერილი განრიგი აქვთ, რაც საქართველოსთვის მეჩაიეობისა და მეაბრეშუმეობის დარგში, ასევე, საირიგაციო ტექნიკის წარმოებაში ჩინეთის გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

ოთარ დანელიას განცხადებით, იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ ორი ქვეყანა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში თანამშრომლობს და ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია, სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. "გვინდა ქართულმა ღვინომ სათანადო ადგილი დაიკავოს ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს ჩინეთის ბაზრის ათვისების კუთხით. ქართული ღვინო, სააგენტოს ხელშეწყობით, ხშირადაა წარმოდგენილი გამოფენებსა და ბაზრობებზე, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში ტარდება. გარდა ამისა, გვყავს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ჩინეთში ქართულ ღვინოს უწევს პოპულარიზაციას. დარწმუნებული ვარ, ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება და საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება",- განაცხადა ოთარ დანელიამ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხარე აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით. ჩინელ ხალხს საშუალება ექნება უფრო მეტად ეზიაროს იმ კულტურას, რომელიც ქართულ ღვინოს ახლავს თან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ქართველ ფერმერებზეა დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებების აღსრულება, რომლებზეც დღეს მე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვიმსჯელეთ. სწორედ მათ უნდა განახორციელონ ის გეგმები, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე დავსახეთ", - განაცხადა ჰან ჩანგფუსმა.

მინისტრებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ აგრარული დარგის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების დაცვა, ახალი ჯიშების შექმნა და დანერგვა, ასევე, მოსავლის აღებისა და შემდგომი დაბინავებისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს დანაკარგის შემცირებას და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.