„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორებს შორის დავა გრძელდება. საუბარია, საგანმანათლებლო დაწესებულების დამფუძნებლებსა და 2019 წლიდან აკადემიის პარტნიორ „საქართველოს კაპიტალს“ შორის მიმდინარე სამართლებრივ პროცესზე, რომელიც საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. როგორც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სამართლებრივმა წარმომადგენელმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, „საქართველოს კაპიტალმა“ აკადემიის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები 6 წლის განმავლობაში არ შეასრულა. კერძოდ, იმედა დვალიძის თქმით, პარტნიორმა კომპანიამ ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციები არ განახორციელა, რითაც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ განვითარება შეაფერხა.
თავის მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური, მოხვდა იმ პირების სიაში, ვინც შესაძლოა, აშშ-მა დაასანქციროს. საუბარია, კონგრესიდან მარკო რუბიოსადმი გაგზავნილ წერილზე, სადაც მას სთხოვენ სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისა და მისი „გამაძლიერებლებისათვის“. აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოში აცხადებენ, რომ ვითარებაში გასარკვევად, აშშ-ის ოფიციალურ პირებთან აქტიურად მუშაობენ.
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სამართლებრივი წარმომადგენელი იმედა დვალიძე ამბობს, რომ ეს შესაძლო სანქციები, საგანმანათლებლო დაწესებულებისა და „საქართველოს კაპიტალის“ დავაზე პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა გარკვეული მიმართულებით რისკებს მაინც აჩენს. „უშუალოდ დავასთან, ირაკლი გილაურის შესაძლო სანქცირების საკითხი ნაკლებად იქონიებს გავლენას. დავა ყველა შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ის სხვა გზით არ გადაწყდა. ვგულისხმობ, მოლაპარაკებას, მორიგებას და ა.შ. უბრალოდ, თუ ეს შედეგი {აშშ-სგან დასანქცირება} მართლაც დადგა ჩვენს ჯერ კიდევ პარტნიორთან, ეს დამატებით რისკებს ნამდვილად აჩენს. იმიტომ, რომ აკადემიაში „საქართველოს კაპიტალი“ არის ერთ-ერთი პარტნიორი და თვითონ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამერიკის არაერთი მოქალაქე სწავლობს. მეორეს მხრივ, არიან პედაგოგები, რომლებიც წარმოადგენენ ბრიტანეთის სახელმწიფოს. სანქციები შესაძლოა, გავრცელდეს ბრიტანეთის მხრიდანაც და ბუნებრივია, ეს „ბრიტანულ ქართულ აკადემიაზე“ დამატებით უარყოფითად აისახება.
რაც შეეხება უშუალოდ დავას, მისი წამოწყების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ „საქართველოს კაპიტალმა“, არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომელიც დაახლოებით, 6 წლის წინ იკისრა (როცა ის გახდა პარტნიორი). კერძოდ, მისი ვალდებულება იყო განეხორციელებინა ინვესტიციები „ბრიტანულ ქართულ აკადემიაში“.მისივე ინფორმაციით, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორების მხრიდან იყო მცდელობა, რომ დავის გარეშე აღდგენილიყო „სტატუს-კვო“ და პარტნიორობიდან გასულიყო „საქართველოს კაპიტალი“, თუმცა ეს უკანასკნელი წილების გამოსყიდვას არ დათანხმდა. „დღევანდელი მდგომარეობით, ასეთი პერსპექტივა ჯერ-ჯერობით არ იკვეთება. ცხადია, დავა გაგრძელდება საქართველოში და არა მხოლოდ "სტატუს კვოს" აღდგენის მიმართულებით, არამედ ჩვენ გავზარდეთ სარჩელის შინაარსი. ვითხოვთ, ზიანის ანაზღაურებასაც, რომელიც აკადემიამ განიცადა. სწორედ, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ვერ დადგა ის შედეგი, რაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული. ფაქტობრივად, დაიკარგა დრო, კომპანიამ თავისი შიდა რესურსებით გააგრძელა განვითარება.
თუმცა, ეს არ არის ის შედეგი, რასაც დამფუძნებელი პარტნიორი ელოდა, იმ ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, რაც „საქართველოს კაპიტალმა“ თავის დროზე აიღო. ამის გარდა, ჩვენს მიერ დავა უკვე ინიცირებულია დიდ ბრიტანეთშიც. აქვე ერთი საინტერესო ნიუანსი, ესოდენ რესპექტაბელური კომპანიისთვის, რომელიც დალისტულია საფონდო ბირჟებზე, შესაბამისი კორესპონდენციის ჩაბარებაც ვერ მოვახერხეთ ბრიტანეთში, იმიტომ, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში რაც აქვთ მითითებული, იმ მისამართზე კომპანია უბრალოდ არ იძებნება. ეს გვიჩენს ვარაუდს, რომ მისამართი ფიქტიურია. შესაბამისად, ეს სხვა კითხვებსაც აჩენს ამავდროულად. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, სამართლებრივი პროცესი გაგრძელდება საქართველოშიც და დიდ ბრიტანეთშიც. ამავდროულად, ამ დავასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ. ასევე, ინფორმაციას მივაწვდით „საქართველოს კაპიტალის“ აქციონერებსაც,“- განაცხადა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სამართლებრივმა წარმომადგენელმა გადაცემაში „საქმე“.
ცნობისთვის, შპს ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იან წილს ფლობს ნათია ჯანაშია, ხოლო 70%-ს შპს საქართველოს განათლების ჯგუფი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც თავის მხრივ სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალია“.
(R)