„მესტიაში ელექტროენერგიის დაუშვებელი რაოდენობის მოხმარება ხდება“ - როგორ შეიძლება გადაიჭრას მაინერების პრობლემა

„მესტიაში ელექტროენერგიასთან დაკავშირებით არსებული პრობლემა ძირითადად გამოწვეულია მაინერების მუშაობით“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განაცხადა.

ცნობისთვის, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარებამ მორიგი რეკორდი 2024 წელს დაამყარა და 124,692,913 კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების მთლიანი მოხმარების 2,6%, ხოლო საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 1%-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მესტიის მომსახურების ცენტრის აბონენტებმა, 2024 წლის დეკემბერში მოიხმარეს იმდენივე ელექტროენერგია, რაც კომპანიის სხვა, ჩვიდმეტმა მომსახურების ცენტრმა ერთად.

როგორ შეიძლება გადაიჭრას მაინერების პრობლემა მესტიაში

არაბიძე აღნიშნავს, რომ მესტიის მზარდი ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ინფრასტრუქტურა მზად არ არის, რაც განაპირობებს ადგილზე დენის წყვეტას. მისი თქმით, საჭიროა, რომ მესტიის ელექტროენერგიის მოხმარება „ჩარჩოებში მოექცეს“.

„პირველი, თუ ყველაფერი კონტროლის ჩარჩოებშია და ადგილზე ყველაფერი მოწესრიგებულია, რეგიონი რაც მეტ ენერგიას მოიხმარს, მით უკეთესო. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ რეგიონის ეკონომიკა და ცხოვრების პირობები უკეთესია, ვიდრე ნაკლები მოხმარების პერიოდში იყო. თუმცა, თუ ინფრასტრუქტურა არ არის მზად დიდი რაოდენობის ენერგიის მოსახმარებლად, ბუნებრივია მას ექნება პრობლემები. ხშირად გაგვიგია კიდეც, რომ მესტიაში არის ელექტროენერგიის წყვეტა.

მეორე საკითხია, მესტიაში არსებულ მოსახლეობას, ეკონომიკას და ინფრასტრუქტურას სჭირდება თუ არა ამ რაოდენობის ელექტროენერგიის მოხმარება. მესამე და მნიშვნელოვანია, ეს მოხმარება დასაშვებია თუ არა. თუ დასაშვებია და „ენერგო პრო ჯორჯიამ“ ნება მისცა ამ რაოდენობის ელექტროენერგიის მოხმარების, მაშინ რატომ უნდა წუწუნებდეს ქსელების გადატვირთულობაზე“, - აცხადებს არაბიძე.

როგორც ენერგეტიკოსი აღნიშნავს, მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ მესტიაში ელექტროენერგიის დაუშვებელი რაოდენობის მოხმარება ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილი აქვს ქსელების დატვირთვას, რასაც ინფრასტრუქტურა მომზადებული ვერ ხვდება.

„მესტიაში არსებული პრობლემა ძირითადად გამოწვეულია მაინერების მუშაობით. იქიდან გამომდინარე, რომ მესტია მაღალმთიანი რაიონია, საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენებული ელექტროენერგია იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის არის უფასო. იქ ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს იმან, ვისაც აქვს კომერციული საწარმოები. მაღალმთიანი ადგილია, შეღავათი უნდა ჰქონდეთ, რომ დაინტერესდეს მოქალაქე, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ელექტროენერგიის გამოყენება ხდება კომერციული მიზნით, ისე რომ საფასურს არ იხდიან. ეს პრობლემა ახალი არ არის, ყოველ წელს ამაზეა საუბარია, მაგრამ გადაივლის იანვარ-თებერვალი და მერე ავიწყდებათ“, - აღნიშნავს არაბიძე.

მანვე ისაუბრა არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე და აღნიშნა, რომ უნდა დაინერგოს ყაზბეგის მსგავსი მიდგომა. კერძოდ, უნდა განისაზღვროს რა რაოდენობის საყოფაცხოვრებო დენს მოიხმარს მესტია და აღნიშნული რაოდენობის დენის გამოყენება უნდა იყოს უფასო. ყველა სხვა კომერციული მოხმარებისთვის, მოქალაქეებმა საფასური უნდა გადაიხადონ.

„მესტიაში მცხოვრებთათვის საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის რაოდენობა უნდა განისაზღვროს და უფასოდ უნდა გადაეცეთ. იქაურმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მის საყოფაცხოვრებო მოხმარებას არავინ ეხება. ხოლო თუ მოხმარებული ელექტროენერგია აჭარბებს საყოფაცხოვრებოსთვის განსაზღვრულ რაოდენობას და თუ მას სურვილი აქვს, მაინერი ჰქონდეს, სასტუმრო გააკეთოს და ა.შ ეს უნდა მოხდეს ჩვეულებრივი გადახდის წესით ისე, როგორც სხვა რეგიონები იხდიან. ამით მოგვარდება ეს პრობლემა. ახლა ვერ ვიგებთ მოხმარებული ელექტროენერგიიდან რამდენია საყოფაცხოვრებო და რამდენია კომერციული“, - განაცხადა გია არაბიძემ.

ცნობისთვის, მესტიაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგია უფასოა, გადასახადს მხოლოდ რეგისტრირებული სამეწარმეო ობიექტები იხდიან. მესტიაში ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებებს როგორც სერვისის მიმწოდებელი კომპანია, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და სემეკიც აკეთებდა. სემეკში ამბობდნენ, რომ „უკანონო მაინინგის ქსელზე მიერთების და მათ მიერ გაზრდილი დატვირთვიდან გამომდინარე ქსელის მდგომარეობა კრიტიკულია“.

იხილეთ ასევე: „დეკემბერში მესტიამ იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 17-მა მუნიციპალიტეტმა ერთად“ - „ენერგო-პრო ჯორჯია“

მერი ტაბატაძე