ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქული პლატფორმა Hepsiburada-ს შეძენა დაასრულა

ყაზახეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, მიხეილ ლომთაძის ფინტექჰოლდინგ Kaspi.kz-მა ელექტრონული კომერციის თურქული პლატფორმა Hepsiburada-ს შეძენა დაასრულა.

განცხადებას კომპანია ვებგვერდ AIX-ზე ავრცელებს.

კერძოდ, Kaspi.kz წერს, რომ D-Market Electronic Services & Trading-ის, იგივე, Hepsiburada-ს A-კლასის 40,000,000-ისა და B-კლასის 173,246,220 აქციის შეძენა დაასრულა, რასაც 2024 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულება ითვალისწინებს. ეს ხელშეკრულება, კომპანიის ცნობით, Kaspi.kz-სა და გამყიდველი მხარეს შორის დაიდო, რომელსაც Hepsiburada-ს დამფუძნებელი და მაკონტროლებელი აქციონერი, ჰანზადე დოგანი, ასევე, ვუსლატ დოგან საბანჯი, ბეგუმ დოგან ფარალალი, არზუხან დოგან იალჩინდაგი და იზილ დოგანი წარმოაგენდნენ.

Kaspi.kz-მა კომპანია Hepsiburada-ს 65,41%-იანი წილის 1.13 მლრდ დოლარად შესყიდვის შესახებ 2024 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. კომპანია მაშინ მოელოდა, რომ თურქეთის მარეგულირებლების დამტკიცების შემთხვევაში გარიგება 2025 წლის პირველი კვარტლის ბოლოს დასრულდებოდა.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, გადახდა ორ ტრანშად შესრულდება. კერძოდ, 600 მლნ დოლარს Kaspi.kz ხელშეკრულების დახურვისთანავე გადაიხდის, ხოლო დარჩენილ 526.9 მლნ დოლარს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დაფარავს. ასევე, მოსალოდნელია, რომ ტრანზაქციის დასრულების შემდეგ ორივე კომპანია შესაბამის ბრენდებსა და საოპერაციო სტრუქტურებს შეინარჩუნებს.

თურქეთის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ Kaspi.kz-ის მიერ Hepsiburada-ს შეძენა 2024 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში დაამტკიცა.

Kaspi.kz-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ლომთაძის განცხადებით, Hepsiburada-ის წილის შეძენა Kaspi-ს სამიზნე ბაზარს 100 მლნ ადამიანამდე გაზრდის.

მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში 5.8 მლრდ დოლარის ქონებით 571-ე ადგილზეა.

ცნობისთვის: Hepsiburada 2000 წელს ჰანზადე დოგანის მიერ დაარსდა, რომელიც Kaspi.kz-თან გაფორმებული შეთანხმების ერთ-ერთი ხელმომწერია. მისი კომპანია მომხმარებელთა მომსახურებაზე, ტექნოლოგიაზე, ლოგისტიკასა და სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ფართო სპექტრზე ფოკუსირებით განვითარდა. 2023 წელს Hepsiburada-ს მომსახურებით, დაახლოებით, 12 მლნ მომხმარებელი და 101 ათასი პარტნიორი მაღაზია სარგებლობდა, ხოლო კომპანიის პლატფორმის მეშვეობით გაყიდული საქონლის ჯამურმა ღირებულებამ, დაახლოებით, 4 მლრდ დოლარი შეადგინა. კომპანიას 10 ათასი თანამშრომელი ჰყავს. 2021 წელს Hepsiburada თურქეთში პირველი და ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც თავისი აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე მსოფლიოს ტექნიკურ გიგანტებს შორის განათავსა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ