გასული წლის დეკემბერში თბილისში 3-ჯერ მეტი ძველი ბინა გაიყიდა, ვიდრე ახალი. აღნიშნულის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2024 წლის დეკემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ ჯამში, 3 940 შეადგინა და წლიურად 7%-ით გაიზარდა.
შესაბამისად, კვლევის თანახმად, 2024 წელს, ტრანზაქციების სრული რაოდენობა 2%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
„2024 წლის დეკემბერში 981 ახალი ბინა გაიყიდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით (+48%).
ძველი ბინების შემთხვევაში 2 959 ტრანზაქცია შესრულდა, რაც წლიურად 2%- იან კლებაში აისახა.
შესაბამისად, ახალი ბინების წილმა ჯამურ გაყიდვებში მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 25%-ს მიაღწია.
რაც შეეხება ფასებს, საშუალო გასაყიდი ფასი 2024 წლის დეკემბერში, ახალი ბინების შემთხვევაში იყო 1 067 აშშ დოლარი კვადრატულ მეტრზე, ძველ ბინებში კი 1 კვ. მეტრის საშუალო ფასი 1 271 აშშ დოლარი იყო.
დეკემბერში საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 2%-ით გაიზარდა, როგორც ახალი ისე ძველი ბინებისთვის, ხოლო წინა თვესთან შედარებით 2%-იანი კლება დაფიქსირდა,“- ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.