OpenAI-მ მოიპოვა მტკიცებულება, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩინურმა სტარტაპ DeepSeek-მა ღია კოდის კონკურენტის სწავლებისთვის ამერიკული კომპანიის მიერ დაპატენტებული მოდელები გამოიყენა.
ინფორმაციას Financial Times (FT) ავრცელებს.
სან-ფრანცისკოში ბაზირებულმა ChatGPT-მა გამოცემას განუცხადა, რომ “დისტილაციის” გარკვეულ მტკიცებულებას მიაგნო, რომელიც, სავარაუდოდ, DeepSeek-ს ეკუთვნის. ამ მეთოდს დეველოპერები მცირე მოდელებზე უკეთესი მწარმოებლურობის მისაღებად იყენებენ, რითიც ისინი კონკრეტული ამოცანების შესრულებაში ანალოგიურ შედეგს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იღებენ.
დისტილაცია სექტორში გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა გაჩნდა შეშფოთება, რომ DeepSeek ამას საკუთარი კონკურენტული მოდელის შესაქმნელად იყენებს, რაც OpenAI-ს მომსახურების პირობებს არღვევს. ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, ჩინური მოდელის მიერ გენერირებული პასუხები მიუთითებდნენ იმაზე, რომ ის OpenAI-ს GPT-4-ის საწყისი მონაცემებით იყო განსწავლული, რაც მომსახურების პირობებს არღვევს.
აღსანიშნავია, რომ OpenAI-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის გაზეთები და კონტენტის შემქმნელები იქით უჩივიან. მათ შორის არის The New York Times-ის რედაქცია და ცნობილი ავტორები, რომლებიც კომპანიას თავისი მოდელების სწავლებისთვის მათი სტატიებისა და წიგნების უნებართვო გამოყენებაში ადანაშაულებენ.
ცნობისთვის: 27 იანვარს DeepSeek-ის AI-ასისტენტმა კონკურენტ ChatGPT-ს გადაუსწრო და აშშ-ში Apple-ის App Store-ზე ყველაზე რეიტინგული უფასო აპლიკაცია გახდა. შედეგად წინასავაჭრო სესიაზე ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების აქციები მკვეთრად დაეცა, რამაც აშშ-ის ტექნოლოგიების დომინირება ეჭვქვეშ დააყენა. თავად სტარტაპმა განაცხადა, რომ იმავე დღეს, 27 იანვარს გლობალური კიბერშეტევა განიცადა, რის გამოც მომხმარებლები მის ვებგვერდზე ვერ რეგისტრირდებოდნენ.
ჩინური კორპორატიული დოკუმენტების მიხედვით, DeepSeek-ის ძირითადი აქციონერი ჰეჯ-ფონდ High-Flyer-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ლიან ვენფენია. თუმცა სტარტაპში ჰეჯ-ფონდის ინვესტიციის ოდენობა უცნობი რჩება. DeepSeek-ში აცხადებენ, რომ პროდუქტის განვითარებაზე მხოლოდ 5.58 მლნ დოლარი დაიხარჯა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სილიკონი ველის (Silicon Valley) შეფასებას, თითქოს, ძლიერი AI-მოდელების შესაქმნელად დიდი ინვესტიციები არის საჭირო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ