ირანსა და "ექვსეულს" შორის შეთანხმების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა

ვენაში, ირანსა და „ექვსეულს“ (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი) მიღწეული შეთანხმების ფონზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დღეს დილით „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 0,99%-ით შემცირდა და ბარელზე 57,28 დოლარი შეადგინა, WTI-ის ნედლი ნავთობი კი 1,30%-ით, 51,52 დოლარამდე გაიაფდა. ირანმა და ექვსეულმა თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, ირანი საკუთარ ობიექტებზე მონიტორინგის მიზნით გაერო-ს ბირთვული იარაღის ინსპექტორებს შეუშვებს. ირანი თანახმაა სანქციების აღდგენაზე 65 დღის განმავლობაში, თუ თეირანი შეთანხმებას დაარღვევს. „როიტერის“ ცნობით, გაერო-ს მიერ იარაღზე დაწესებული ემბარგო და სარაკეტო სანქციები ძალაში რჩება შესაბამისად, ხუთი და რვა წლის განმავლობაში.