დონალდ ტრამპის Truth Social სოციალური მედიას ფარგლებს სცდება და ფინანსური სერვისების ბიზნესს იწყებს, რომელიც კრიპტოვალუტასა და სხვა აქტივებში 250 მლნ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.
ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
Trump Media and Technology Group-მა (TMTG), რომელშიც დონალდ ტრამპი მაჟორიტარული აქციონერია, ფინანსური პლატფორმის, Truth.Fi-ის ჩაშვება დააანონსა.
განცხადებაში წერია, რომ ახალი ინიციატივა ბიტკოინში, სხვა კრიპტოვალუტებსა და ტრადიციულ აქტივებში ინვესტირების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
კერძოდ, Truth.Fi ყურადღებას გაამახვილებს ინვესტიციებზე სწრაფად მზარდ ამერიკულ წარმოებაში, ენერგეტიკასა და სხვა სექტორებში, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკის გაძლიერებას უზრუნველყოფენ.
ამასთან, პლატფორმა აქტივების ინდივიდუალური მართვის (SMA) სერვისების მიწოდებას, ასევე, ETF-ებთან და ციფრულ აქტივებთან მუშაობას მოიცავს. ამისთვის კომპანია საბროკერო გიგანტ Charles Schwab Corp.-თან ითანამშრომლებს, რომელიც მას საინვესტიციო სტრატეგიებთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევს.
Truth.Fi-ის ჩაშვების დაანონსების შემდეგ TMTG-ის აქციები 10%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის: დონალდ ტრამპის სოციალური ქსელი (TMTG) კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმის, Bakkt-ის შესაძენად მოლაპარაკებებს მართავს, რადგან კომპანია ონლაინ-მედიის ფარგლებს გარეთ გაფართოებას ცდილობს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ