FAO-ს მენეჯერი - ტრიქინელოზისგან რომ თავი დაიცვათ, ღორის ხორცი სუპერმარკეტებში უნდა შეიძინოთ, სადაც პირობები დაცულია - თუ ცხოველს სახლში კლავთ, რამდენიმე ნაწილი ვეტერინარს შეამოწმებინეთ

„გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO) პროექტის მენეჯერი, ვეტერინარი, მიხეილ სოხაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ხორცი აუცილებლად სუპერმარკეტებში და იმ ადგილებში შეიძინონ, სადაც შესაბამისი პირობებია დაცული.

მისივე თქმით, ადამიანი მხოლოდ მაშინ არის დაცული დაავადებისგან, როდესაც ცხოველის დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ ხდება.

გარდა ამისა, სოხაძის განმარტებით, ტრიქინელოზი მხოლოდ და მხოლოდ დაავადებული ხორცის ჭამით გადადის, სხვა მხრივ, ის ადამიანს ვერ გადაედება.

„ტრიქინელოზი არ არის ბაქტერიული დაავადება, არც ვირუსული, არც სოკოვანი, რომ ჰაერწვეთოვანი გზით ან შეხებით გადადიოდეს. ის მხოლოდ და მხოლოდ გადადის დაავადებული ხორცის ჭამით, სხვა მხრივ, ის ადამიანს ვერ გადაედება. საქართველოში ღორების რაოდენობა საკმაოდ შემცირდა 2007 წელს დაფიქსირებული ღორის აფრიკული ცხელების გამო. მაგალითად: 2014-დან 2018 წლამდე ტრიქინელოზის შემთხვევები პრაქტიკულად არ გვხდებოდა. თუმცა საქართველოში ეს დაავადება ყოველთვის იყო, რომელიც საკმაოდ პრობლემატურია. ტრიქინელოზი საკმაოდ რთული, საშიში დაავადებამ, რომელიც გამოწვეულია ჭიით, პარაზიტით.

სწორედ, ღორი გახლავთ ადამიანისთვის აღნიშნულით უპირველესი დამასნებოვნებელი. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს დათვიდან, მაჩვისგან გადასდებია, ასევე, ცხენისგან. ღორები იზრდებიან ისეთ პირობებში, როდესაც მათ თავისუფლად შეუძლიათ მიირთვან ტრიქინელოზით დაავადებული მღრღნელები. სწორედ მღრღნელები არის ძირითადი რეზერვუარი, რომელიც დაავადების გავრცელებას უწყობენ ხელს.

დაავადებულ ღორს სიმპტომები არ გამოეხატებათ. ღორი საკმაოდ ამტანია პარაზიტების მიმართ. თუ დიდი რაოდენობით ლავრებს არ შეიცავენ, მათ ფაქტობრივად, არაფერი არ ეტყობათ, წონაშიც კი არ იკლებენ, ხოლო თუ ინფიცირება მაღალი დონეზეა, ამ დროს შეიძლება კოჭლობა დაეწყოთ ან სხვა სახის დისკომფორტი, თუმცა ძირითადად, ეს ძალიან იშვიათად ხდება. ამიტომ ცხოველი სანამ არ დაიკვლება, მანამდე დაავადების რაიმე პროგნოზირება საკმაოდ რთულია.

ერთადერთი და მთავარი გამოსავალია არის ის, რომ ხორცი აუცილებლად უნდა შევიძინოთ სუპერმარკეტებში და იმ ადგილებში, სადაც პირობებია დაცული. რაც იმას ნიშნავს, რომ ხორცი არის მიღებული სასაკლაოდ. ტრიქინელოზი, როდესაც ადამიანის ორგანიზმში ხვდება რამდენიმე ციკლს გადის და საბოლოოდ, მთელს ორგანიზმში ცირკულირებს.

თუ სახლში ვკლავთ ცხოველს ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, დაკლული ცხოველის რამდენიმე ნაწილი უნდა შევამოწმებინოთ ვეტერინარს. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არის დაცული, როდესაც ცხოველის დაკვლა ხდება ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ”, - განაცხადა მიხეილ სოხაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.