„ბიზნესიც დილემის წინაშე დააყენეს - ასეთი მიდგომებით გაგრძელება, ეკონომიკას ჩამოშლის, გარანტირებულად ასეა“ - ჭუმბურიძე

„ასეთი პოლიტიკით, მიდგომებით გაგრძელება, ეკონომიკას ჩამოშლის, ეს უკვე გარანტირებულად ასეა,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბიზნესიც მთელი საზოგადოების მსგავსაც, იმ დილემის წინაშე დააყენა, რომ თუ მათ არ ეთანხმები, ე.ი. „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენ.

„მე გეტყვით, რა მძიმე პირობა აქვს როგორც ბიზნესს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას და უბრალოდ რიგით მოქალაქეს. ის, რაც მართლა წარმატებით გააკეთა მმართველმა პარტიამ, არის რომ ქართული საზოგადოება გაყო ორ ნაწილად. ნახეთ, როგორი დაპირისპირებაა. ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს ხალხი, ვინც მათ არ ეთანხმება. ეს ხალხი ყველა არის მათი მტერი ანუ „ნაციონალური მოძრაობა“.

არცერთი რომ არ გინდოდეს, შეიძლება ასეთი თემა დავაყენოთ?! ხომ არის ასეთი საზოგადოებაც არა?! ბიზნესიც ამ დილემის წინაშე დააყენეს - არ ეთანხმები ხელისუფლებას? ე.ი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნი.

ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაში, ის კომპანიებიც და ის ბიზნესასოციაციებიც კი, ვინც დამოკიდებული არიან სამთავრობო სტრუქტურებზე, ისინიც ბრწყინვალედ აცნობიერებენ, რა ვითარებაშია ქვეყანა. ასეთი პოლიტიკით, ასეთი მიდგომებით გაგრძელება, საბოლოო ჯამში, პირველ რიგში, ეკონომიკას ჩამოშლის. ეს უკვე გარანტირებულად ასეა,“ - თქვა ჭუმბურიძემ.

ცნობისთვის, 65-ე დღეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს 2028 წლის ბოლომდე.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. რეზოლუაციაში ასევე ჩაიწერა მოთხოვნა, რომ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე. ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ კი, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ წყვეტენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას. ასევე შეგახსენებთ, იმასაც რომ 27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდათ.

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა