„სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამები გრძელდება - ამ კუთხით ჯერ პრობლემა არ შეინიშნება“ - კაკლის მწარმოებლები

„კაკლის მწარმოებლების მთავარი პრობლემა არის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყანაში შექმნილი ვითარება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი მესხიძემ განუცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით სახელმწიფოს თანადაფინანსებით პროექტები გრძელდება.

„კაკლის მწარმოებლების მთავარი პრობლემა არის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყანაში შექმნილი ვითარება. სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამები გრძელდება და ამ კუთხით ჯერჯერობით პრობლემები არ აღინიშნება“, - აღნიშნავს მესხიძე.

მანვე ისაუბრა მუშახელის დეფიციტზეც და დასძინა, რომ კვალიფიციური კადრების ნაკლებობა კაკლის მწარმოებლებისთვის კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს.

„მუშახელის ნაწილში შეინიშნება დეფიციტი განსაკუთრებით იმ ფერმერებისთვის, ვისაც დიდი ბაღები აქვს და დიდი რაოდენობით სჭირდება მუშახელი. მუშახელის ხელფასი შარშან გაძვირდა და დაახლოებით 40-50 ლარამდე იყო დღიური ანაზღაურება სრულ განაკვეთზე.

ასევე, სექტორისთვის პრობლემა არის კვალიფიციური მუშახელი და კონკრეტული სპეციალისტები, მაგალითად, ინჟინრები და მექანიზატორები. ცალკე აღნიშვნის ღირსია აგრონომებთან დაკავშირებული პრობლემა“, - განაცხადა გიორგი მესხიძემ.

ცნობისთვის, 2024 წელს საქართველოში ნაჭუჭიანი კაკლის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. გასულ წელს იმპორტირებულია 458 ტონა (909 ათასი დოლარის) ნაჭუჭიანი კაკალი, 2023 წელს კი 456 ტონა (920 ათასი დოლარის). რაც შეეხება ნაჭუჭგაცლილ კაკალს, საანგარიშო პერიოდში იმპორტი 49%-ით არის გაზრდილი. თუ 2024 წელს იმპორტირებულია 3 427 ტონა (13.6 მლნ დოლარის) კაკალი, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 2 295 ტონას (7.1 მლნ დოლარის) შეადგენდა.

რაც შეეხება ქართული კაკლის ექსპორტს, ნაჭუჭიანი პროდუქციის ექსპორტი 32-ჯერ გაიზარდა, ხოლო უნაჭუჭოს - 89%-ით. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს ექსპორტზე გავიდა 8 ტონა ნაჭუჭიანი (21 ათასი დოლარის) და 66 ტონა (427 ათასი დოლარის) უნაჭუჭო კაკალი, 2024 წელს კი 256 ტონა ნაჭუჭიანი (898 ათასი დოლარის) და 125 ტონა (883 ათასი დოლარის) უნაჭუჭო კაკალი.

მერი ტაბატაძე