არაბიკა-ყავის მსოფლიო ფასმა კვლავ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ფუნტზე 3,60 დოლარს გადააჭარბა. მიზეზი მსოფლიოს ტოპ მწარმოებელ ბრაზილიაში გასაყიდი მარცვლების ამოწურვა და მომავალ მოსავალზე შენარჩუნებული შეშფოთებაა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
კერძოდ, ICE-ბირჟაზე, რომლის კონტრაქტიც მთელ მსოფლიოში ფიზიკური ყავის ფასის დასადგენად გამოიყენება, არაბიკას ფიუჩერსებმა ჯერ რეკორდულ მაჩვენებელს, ფუნტზე 3,6945 დოლარს მიაღწია, რამაც წლიურ მოგება, თითქმის, 15%-ით გაზარდა. თუმცა მოგვიანებით კონტრაქტი 2,5%-ით, ანუ ფუნტზე 3,6655 დოლარად დაიხურა.
არაბიკა მაღალი ხარისხის ჯიშის ყავაა, რომელიც ჩვეულებრივ მოხალული და დაფქული ნარევებისთვის გამოიყენება.
ასევე, 0,9%-ით, ანუ ტონაზე 5,609 დოლარამდე გაიზარდა რობუსტას ფასი, რომელიც უფრო იაფი ჯიშია და, ძირითადად, ხსნადი ყავის დასამზადებლად გამოიყენება.
დილერები ამბობენ, რომ ბრაზილიაში არაბიკა-ყავის მიმდინარე მოსავლის 70%-80% უკვე გაყიდულია, ხოლო ახალი გარიგებები შენელებულია. ბრაზილია არაბიკა-ყავის მსოფლიო მარაგის, თითქმის, ნახევარს აწარმოებს.
გასული წლის ძლიერი გვალვის შემდეგ ბრაზილიაში ბოლო პერიოდის ამინდი უფრო ხელსაყრელი იყო. თუმცა, სურსათით მომარაგების ადგილობრივი სააგენტო Conab-ის თანახმად, შემდეგი მოსავალი წინა მოსავალზე 4,4%-ით ნაკლები იქნება.
ცნობისთვის: 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში ნიუ-იორკის ბირჟაზე არაბიკა-ყავის ფიუჩერსები 4,9%-ით, ფუნტზე 3,434 დოლარამდე გაიზარდა და 1972 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს პირველად მიაღწია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ