ამჟამად რუს ტურისტებს აფხაზეთში ჩასვლა არ სურთ, ხოლო ზაფხულში ტურისტებს შორის აფხაზეთის პოპულარობა იქ პოლიტიკური ვითარების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
ამის შესახებ რუსეთის საპრეზიდენტო აკადემიის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მენეჯმენტის კათედრის ლექტორმა, ალექსანდრ პრეობრაჟენსკიმ TASS-ს განუცხადა.
მისი ცნობით, ამჟამად რუსი ტურისტები აფხაზეთში ჩასვლაზე კატეგორიულ უარს ამბობენ, მითუმეტეს, მაშინ, როცა მათ სხვა დასასვენებელ ადგილას წასვლის შესაძლებლობა აქვთ. თუმცა ტურისტები აფხაზეთში დასვენებას ჯერ კიდევ მოიაზრებენ, რადგან იქ თბილი ზღვაა და ტრადიციული დასასვენებელი ადგილია.
პრეობრაჟენსკი ამბობს, რომ რუსი ტურისტები იმის მიხედვით გააქტიურდებიან, თუ ვის აირჩევენ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 15 თებერვალს არის ჩანიშნული.
„როგორც კი პარადიგმა შეიცვლება და იქ პრეზიდენტს აირჩევენ, ყველაფერი დაწყნარდება. მერე ხალხი იქ ისევ ჩავა,“ - აცხადებს რუსი ექსპერტი.
მისი შეფასებით, ტურისტები, როგორც წესი, დასასვენებელი ადგილის შერჩევას პრაგმატულად უდგებიან და არ ჩადიან, იქ, სადაც რუსების მიმართ არამეგობრული ქმედებები ფიქსირდება.
კერძოდ, პრეობრაჟენსკი ამბობს, რომ აფხაზეთში, რომელმაც „რუსეთის მიმართ არამეგობრული ქმედებები გამოიჩინა, სადაც პრეზიდენტი, ასეა თუ ისე, ჩამოაგდეს და სადაც რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ჯერ გაურკვეველია,“ ბუნებრივია, რუსი ტურისტები ჩასვლისგან თავს შეიკავებენ და უფრო მშვიდ ადგილებს აირჩევენ.
ასეთ ალტერნატიულ ადგილებად რუსი ექსპერტი თურქეთს, რუსეთის შავი ზღვის სანაპიროსა და ანექსირებულ ყირიმს ასახელებს.
„აფხაზეთში დასვენების მოთხოვნაზე სიტუაცია რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი, როცა, ჯერ ერთი, იქ არჩევნები ჩატარდება და მეორეც, მათი და ჩვენი ურთიერთობა გაირკვევა. თუ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში ყველაფერი კარგად იქნება, რუსეთიდან ტურისტული ნაკადი გაიზრდება,“ - ამბობს პრეობრაჟენსკი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ