„ბიზნესმა არ იცის, რა იქნება უახლოეს მომავალში - ზოგი ექსპორტიორი უკვე არაბული ქვეყნებისკენ, ასევე ჩინეთისკენ იყურება“

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, შექმნილი არასტაბილური გარემო და ოფიციალური პირებისთვის დაწესებული სანქციების შედეგი უკვე აისახა ქართული პროდუქციის ექსპორტიორ კომპანიებზე.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გვანცა მელაძე აღნიშნავს, რომ ევროპელი პარტნიორები თავს იკავებენ ახალი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

ამასთან, მისივე შეფასებით, გაჭიანურებულია მოლაპარაკებები და გართულებულია საბაჟო პროცედურები.

როგორც მელაძე აცხადებს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ექსპორტიორთა ნაწილი მიმდინარე წელს მარკეტინგული ხარჯების შემცირებას გეგმავს, ნაწილმა კი ბაზრების დივერსიფიცირებაზე დაიწყო ფიქრი.

„ექსპორტიორები, რომლებიც ევროპის ბაზარზე არიან ორიენტირებული, ვერ გეგმავენ მომავალ ნაბიჯებს გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან მოკლე ვადაში უწევთ დაგეგმვა და უკვე აკვირდებიან გამოფენებს არა ევროპაში, არამედ სხვა ქვეყნებში, რომ დივერსიფიცირება მოახდინონ ბაზრების, რადგან უჭირთ ევროპასთან მოლაპარაკება. მაგალითად, უფრო არაბული ქვეყნებისკენ იხედებიან და ჩინურ ბაზარსაც უყურებენ. თუმცა, ბევრი კომპანია ამბობს, რომ წელს არ უნდა საერთოდ მარკეტინგში თანხის დახარჯვა, თავს იკავებენ ახალი გადაწყვეტილებების მიღებისგან და სტატუს-კვოს ინარჩუნებენ, იქიდან გამომდინარე, რომ არ იციან რა იქნება შემდეგში. ყველაზე რთული არის არასტაბილური სიტუაცია, ბიზნესმა არ იცის რა იქნება უახლოეს მომავალში“, - ამბობს გვანცა მელაძე.

მანვე ისაუბრა მოლოდინებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს არ ელოდებიან ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას.

„მოლოდინები გამომდინარეობს როგორც გარე, ასევე შიდა ფონიდან. ექსპორტის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი არის მაინც მიმდინარე მოვლენები, რუსეთ-უკრაინის ომის სცენარი როგორ განვითარდება და ა.შ. თუ მაგალითად შავი ზღვის განბლოკვა მოხდება და შემცირდება საწვავის ფასი, ეს პოზიტიურ ასახვას პოვებს მსხვილ საწამოებზე, რომლებიც ჩვენი ადგილობრივი ექსპორტის 30-40%-ს ახორციელებენ.

რაც შეეხება ქვეყნის შიდა ფონს, შესაძლოა არ იყოს ექსპორტის შემცირება, მაგრამ ზრდას არ ველოდებით, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიები არიან გადასული ეკონომიის გაკეთების რეჟიმში. თუ დასტაბილურდა მდგომარეობა და ევროინტეგრაციისკენ შემოტრიალდა გეოპოლიტიკური კურსი საქართველოში, ველოდებით რომ ამას ექნება პოზიტიური გავლენა ექსპორტის ნაწილზეც“, - განაცხადა გვანცა მელაძემ.

მერი ტაბატაძე