სემეკი თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის საკითხს 22 ივლისს განიხილავს

სემეკი თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის საკითხს 22 ივლისს განიხილავს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, შპს "ჯიფაუერის", შპს "მტკვარი ენერგეტიკას", შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 22 ივლისის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს.

"მიმდინარე წლის 29 ივნისს, კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა კომპანიებისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც კომისიის მიერ განსაზღვრულ დროში არ მომხდარა. შპს "ჯიფაუერმა" დოკუმენტაცია დღეს, 14 ივლისს წარმოადგინა. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საჭიროებს შესწავლასა და ანალიზს, კომისია თბოელექტროსადგურებისათვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის საკითხებს 22 ივლისის საჯარო სხდომაზე განიხილავს", - ნათქვამია განცხადებაში.

სემეკს თბოელექტროსადგურებისათვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის საკითხი ხვალ უნდა განეხილა.