წელს ჩინეთიდან შუა დერეფნის გასწვრივ, დაახლოებით, 600 საკონტეინერო მატარებლის გამგზავრება არის დაგეგმილი, რაც ამ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტის მუდმივ ზრდას და პოტენციალს აჩვენებს.
ამის შესახებ ყაზახეთის რკინიგზის ინტეგრირებული დაგეგმვის დირექტორატის ვიცეთავმჯდომარე ალიბი ტულეგენოვმა სააგენტო Report-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი შეფასებით, ჩინეთიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) კონტეინერების ტრანზიტი 2024 წელს ქალაქ სიანში ყაზახეთ-ჩინური ტერმინალის გახსნით საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, წინა წლის შედეგებით, ჩინეთიდან TITR-ის გასწვრივ 358 საკონტეინერო მატარებელი გაიგზავნა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 33-ჯერ მეტია.
რაც შეეხება მთლიან ტვირთბრუნვას, 2024 წელს TITR-ის გასწვრივ 3,3 მლნ ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული, რაც, 2023 წელთან შედარებით, 21%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს, თითქმის, ექვსჯერ აღემატება.
მოცულობის ზრდა, ტულეგენოვის შეფასებით, ყაზახეთის ექსპორტის ზრდამ განაპირობა, რომელიც, 2023 წელთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა.
ზოგადად, TITR-ის სარკინიგზო სეგმენტის ამჟამინდელი გამტარუნარიანობა წელიწადში 6 მლნ ტონა ტვირთს შეადგენს. ტულეგენოვის ცნობით, მთელი შუა დერეფნის გასწვრივ სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების გზით ამ მაჩვენებლის გაზრდა წელიწადში 10 მლნ ტონამდე არის დაგეგმილი.
“ამჟამად კიდევ ერთი ამოცანა გვაქვს გადასაჭრელი. კერძოდ, ტრანზიტის დრო არის შესამცირებელი. ამ მიზნით, ჩვენი და აზერბაიჯანული სატრანსპორტო კომპანიები გემებისა და მატარებლების განრიგს ერთმანეთთან მუდმივად ათანხმებენ, რომ ქმედებები კოორდინირდეს და გაუთვალისწინებელი სიტუაციები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი,” - აცხადებს ტულეგენოვი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ