„ევროკავშირში დაფინანსებაზე შეტანილი გვქონდა მატყლის სასუქად ქცევის პროექტი, მაგრამ ამ მოვლენების გამო, მგონია, რომ არ გამოვა“

ევროკავშირში დაფინანსებაზე გვქონდა შეტანილი მატყლის სასუქად ქცევის პროექტი, მაგრამ ამ მოვლენების გამო, მგონია, რომ არ გამოვა - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ კომპანიების “აგროქიზიყის” და „წერტის“ დამფუძნებელმა, ბექა გონაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეცხვარეობის სექტორში მთავარი პრობლემა მაინც არის უძრაობა და აუცილებელია, რამე განსაკუთრებული გარდატეხის შეტანა ახალი ტექნოლოგიების მხრივ. ამ კუთხით კი, ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების როლია.

„გვქონდა სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან შეხვედრა, მაგრამ ეს უფრო საკითხების გაცნობასთან დაკავშირებული შეხვედრა იყო, ვიდრე რამე ჩამოყალიბებულ მოქმედებაზე გადასვლა. წინა მინისტრს, ოთარ შამუგიასაც შევხვდით და ასე თუ ისე, იცოდა პრობლემების შესახებ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო დიდი უწყებაა, სოფლის მეურნეობის სექტორიც დიდია და ცხადია, მეცხვარეების გარდა, სხვა მიმართულებებსაც აქვთ პრობლემები. აქედან გამომდინარე, ადამიანს მე პირადად შევხვდი, რომ მიმეწოდებინა პრობლემებიც და პერსპექტივებიც. ამის შემდეგ, ალბათ, შიგნით უნდა ჰქონდეთ მათ შეხვედრები და განხილვები. ადამიანმა ამაზე უნდა იმუშაოს და მიხვდეს, თუ საით უნდა წაიყვანოს დარგი. პერსპექტივაში, თუ ჩვენ გვინდა, რომ რამე შევცვალოთ, სიახლეები თუ არ დავნერგეთ, არაფერი არ გამოვა. დღეს ფერმერი არ არის იმდენად ფინანსურად ძლიერი, რომ მან საკუთარ თავზე აიღოს რისკები.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს როლი, მათ შორის, დონორი ორგანიზაციების როლი, მნიშვნელოვანი. მაგალითად, ჩვენ რძის გადამამუშავებელი საწველი დანადგარი ავაწყეთ და ჩამოვიტანეთ შარშან. ეს ჩვენი პირადი მონაწილეობით მოხდა. სხვა ფერმერისთვის ეს შეიძლება, ძნელი იყოს“, - თქვა გონაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა სიახლის დანერგვის დროს, მნიშვნელოვანია, რომ დანერგვამდე სიახლის დატესტვაში ფერმერთან ერთად, სახელმწიფო მონაწილეობდეს.

„ფერმერს სახელმწიფო უნდა შეუწყოს ხელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საქმე მთლიანად სახელმწიფო არ უნდა გააკეთოს. ამით შედეგს ვერასდროს ვერ მივიღებთ. ეს უნდა იყოს ფერმერთან ერთად, რომელსაც შეუძლია, რომ ნახოს, ეს კარგია მისთვის და უფრო მეტად შედეგიანია და უფრო მეტად გაავრცელოს. ამას სახელმწიფო სტრუქტურა ვერ გააკეთებს. ანუ კომუნიზმში არ უნდა გადავიდეთ. ეს უნდა გააკეთოს კერძო ადამიანმა, რომელსაც სახელმწიფო დაეხმარება სამეცნიერო ექსპერტების მოწვევით“,- ამბობს გონაშვილი.

მისივე თქმით, არსებობს უკვე რაღაცები, რაც უკვე გატესტილია და არის პერსპექტიული.

„ევროკავშირში დაფინანსებაზე გვქონდა შეტანილი მატყლის სასუქად ქცევის პროექტი, მაგრამ ამ მოვლენების გამო, მგონია, რომ არ გამოვა. გუშინაც გვქონდა საუბარი ბატონ მინისტრთან, მასაც ძალიან მოსწონს იდეა. უბრალოდ, მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს თვითონ მეცხვარეთა ასოციაციის პროექტი, თორემ მე პირადად ვხედავ ამის შემოსავლიანობას, ავიღებდი სესხს და გავაკეთებდი ამ საქმეს. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ფერმერთა ასოციაციაში და უნდა არსებობდეს განცდა, რომ ფერმერებმა და მეცხვარეებმა კოოპერაციული მიდგომით ითანამშრომლონ, რომ დღეს ეს მატყლი ჩავაბაროთ, გადავამუშაოთ, გავყიდოთ და ხვალ გაზრდილი შემოსავალი გავინაწილოთ“, - განაცხადა ბექა გონაშვილმა.

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა