„სტაგნაციაა... ყველა რაღაცის მოლოდინშია - კრიზისი თუ არ დასრულდება, სარესტორნო ბიზნესი კიდევ უფრო ქვევით წავა“ - მერიკო გუბელაძე

„ძალიან შეგვიმცირდა სტუმრების რაოდენობა“, - ამის შესახებ რესტორნების „შავი ლომი", „ნინიას ბაღი“, „კაფე ლეილა“ და „კაკლების“ მმართველმა და შეფმზარეულმა მერიკო გუბელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის პარალელურად სარესტორნო ბიზნესის შემოსავლები 70%-ით მაინც არის შემცირებული.

გუბელაძემ ისაუბრა მოლოდინებზეც და აღნიშნა, რომ ცვლილებების გარეშე კიდევ უფრო შემცირდება სარესტორნო ბიზნესის შემოსავლები და ეკონომიკაც.

„რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ, რომ ქვეყანა თუ ამ პოლიტიკურ კრიზისში იქნება კიდევ დიდ ხანს, ეს იქნება ძალიან ცუდი როგორც ეკონომიკისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ახლა ქვეყანა არის კრიზისში და ამას ვერ უარვყოფთ. ვესაუბრები უცხოეთში მეგობრებს, სტუმრებს რომლებსაც ველოდით, პროექტებს რომლებსაც ვაპირებდით - ყველა ამბობს, რომ ჯერ მოდი გავარკვიოთ მანდ რა ხდება და მერე გავაგრძელოთო. სტაგნაციაა, ყველა რაღაცის მოლოდინშია... ეს მოლოდინი არის იმის, რომ დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი. სანამ კრიზისი არ დასრულდება, არსებული წერტილიდან სარესტორნო ბიზნესი წავა კიდევ უფრო ქვევით და შემცირდება ქვეყნის ეკონომიკაც“, - განაცხადა მერიკო გუბელაძემ.

მერი ტაბატაძე