„ვიღაც ბიზნესმენმა უნდა ჩაიჩოჩოს“ - რა იცვლება ქვეყნისთვის ივანიშვილის კომპანიების ოფშორებიდან გადმოტანით

მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, ოფშორებიდან მისი კომპანიების გადმოტანა, აქტიურ ფაზაში გადავიდა.

როგორც უკვე ცნობილია, 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე, ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ და შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირეს. ესენია: სს „ატუ ჰოლდინგი“ (უტა ივანიშვილის ეკუთვნის), სს „ტერა“ (ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის), სს „ლუსოლი“ და სს „ჯი სი ეფ საქართველო“ (ეს ორი ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაშია). სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კი, აღნიშნულ სააქციო საზოგადოებებზე ხდება იმ კომპანიების გადმოფორმება, რომლებსაც ივანიშვილები ოფშორებში ფლობენ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მანამდე, 2024 წლის აპრილის ბოლოს, პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. რეგულაციის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები დაწესდა ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე, საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. კანონის თანახმად, ასეთი კომპანიები გათავისუფლებულია მოგების საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგანაც. ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული შეღავათები, 2030 წლამდე იმოქმედებს.

„ვიღაც ბიზნესმენმა“ უნდა ჩაიჩოჩოს“ - „აქ ჩვენ რეალურად რასაც ვხედავთ, სახელმწიფოსთვის არაფერი ხდება“

ბიზნეს-სამართლის სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი bpn.ge-სთან ამბობს, რომ მოკლე ვადაში (5-6 წლის განმავლობაში), ქვეყნისთვის ეს არაფერს ცვლის, რადგან ასეთი ბიზნესები მიღებული კანონით, გადასახადებისგან გათავისუფლებულია.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, იურისტის თქმით, ნებისმიერი დიდი აქტივის ქვეყანაში შემოსვლა, ზრდის ეკონომიკურ პოტენციალს. თუმცა, იქვე განმარტავს, რომ შესაძლოა, „ვიღაც ბიზნესმენებს ჩაჩოჩება“ მოუწიოს. ეკონომიკურ პარამეტრებში კი, როგორც დღეს, მერეც ვიხილავთ „გასაოცარი რიცხვებს“ , თუმცა რიგითი მოქალაქისთვის მაინც არაფერი შეიცვლება.

„საქართველოს ეკონომიკაში ნებისმიერი ფულადი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ზრდის ეკონომიკურ პოტენციალს ქვეყანაში. თუმცა, მეორე საკითხია, ეს თანხა (თუ აქტივი) ეკონომიკის რომელ დარგში მოხვდება. მოგეხსენებათ, საქართველოში ყველაზე დიდი კომპანიები ძირითადად არიან სოციალური ეკონომიკის პირობებში, მაგალითად, ბანკები, რომლებიც არიან ყველაზე მსხვილი ბიზნესები, საწვავი, ელექტროენერგია და ა.შ. შესაბამისად, თუკი ამ სეგმენტაციას შევხედავთ, იმაზე მსხვილი და კონკურენტუნარიანი ბიზნესები, ვიდრე სოციალური ეკონომიკაშია, ქვეყანაში არ გვყავს. იგივე, სამშენებლო სექტორი ძალიან დიდია ბრუნვით, ინტერესით და ა.შ თუმცა, ის ვერასდროს ჯობნის ზემოთ აღნიშნულ ბიზნესებს.

აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ ოფშორებიდან რაღაც კომპანიები საქართველოში გადმოვა, ჩვენ არ ვიცით, რომელ სექტორში შევა. თუ ეს აქტივი სოციალურ ეკონომიკაში მოხვდება, ნიშნავს, რომ „ვიღაც ბიზნესმენმა“ უნდა ჩაიჩოჩოს. მაგალითად, თუ საწვავის მომწოდებელია ერთი კომპანია და ის ჩანაცვლდება მეორე კომპანიით, მომხმარებელმა დიდად შესაძლოა, ვერაფერი იგრძნოს, რადგან ეს მისთვის ხელმიუწვდომელია. სამწუხაროდ, ეს ადასტურებს იმასაც, რომ საქართველოში გვაქვს ისეთი ბიზნეს მიმართულებები, რომელიც მომხმარებლისთვის და სამართლიანი ბიზნესისთვის არ არის ხელმისაწვდომი. სამაგიეროდ, ხელმისაწვდომია “ზე“ ბიზნეს სუბიექტისთვის თუ ოლიგარქისთვის.

ბუნებრივია, ასეთ პირობებში ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის იგივე სიტუაცია იქნება, რაც დღეს. ეკონომიკური პარამეტრებს თუ გადავხედავთ, მშენებლობებში, ექსპორტში, იმპორტში გასაოცარი რიცხვებია, თუმცა იმავდროულად, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის დონზე გვაქვს აბსოლუტური ჩავარდნა, გაუბედურებული მდგომარეობა ადამიანების. ეს რომ შევადაროთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს, სრული დისბალანსია.

რაც შეეხება შედარებით მოკლევადიან პერიოდს, ფისკალურ წელთან მიმართებით თუ ვსაუბრობთ, ამხელა აქტივების შემოდინებით, ქვეყნისთვის თავისთავად არაფერი ხდება. იმიტომ, რომ ასეთი ბიზნესები გადასახადებისგან გათავისუფლებულია. ამ ბიზნესებმა, შესაძლოა, 5-6 წლის შემდეგ თავისი აქტივები ქონების გადასახადიდან მოიტანოს, მაგრამ ახლა ეს არანაირ საბიუჯეტო შემოსავლებს არ მოგვცემს. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა მოცულობის ქონებაზეა საუბარი. ამასთან, ნებისმიერი ფული იმიტომ არის ბრუნვაში, რომ მას უკუგება აქვს. სარგებლობს როგორც ბიზნესი, ისე სახელმწიფო მისგან მიღებული გადასახადებით. აქ ჩვენ რეალურად რასაც ვხედავთ, სახელმწიფოსთვის არაფერი ხდება“,- ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.

ნინი ქეთელაური