აფხაზეთში ვიზიტით მყოფი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო სოხუმის აეროპორტის 1-ლი მაისისთვის გახსნას, ხოლო მიმდინარე თვეში სატესტო რეისის შესრულებას მოითხოვს.
ინფორმაციას TASS ავრცელებს.
“ახლა მშენებლებისთვის და ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ვადები. რუსეთში ამბობენ, კოვზი სადილისთვის არის ძვირფასიო. ალბათ, სამართლიანია იმის თქმა, რომ აფხაზეთში აეროპორტი ტურისტული სეზონისთვის იქნება ძვირფასი. ამდენად, აუცილებელია, რომ მშენებლების ვალდებულებები 1-ელ მაისამდე დასრულდეს… იმისათვის, რომ აეროპორტში ფრენები სეზონისთვის დავიწყოთ, პირველი სატესტო რეისი თებერვალში უნდა მივიღოთ,“ - აცხადებს კირიენკო.
ის სოხუმის აეროპორტის პროექტს სილამაზით “მსოფლიოში უნიკალურს” უწოდებს. კირიენკომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელ ბადრა გუნბასთან რუსეთსა და აფხაზეთს შორის რეგულარული ავიარეისების აღდგენის საკითხი განიხილა.
„მთავარი საკითხია, ვასწრებთ თუ არა სეზონისთვის; შეძლებენ თუ არა დამსვენებლები პირდაპირ სოხუმში ჩაფრენას, თუ ისევ სახმელეთო გზით რთული მარშრუტის გავლა მოუწევთ. 1-ელ მაისი რეგულარული რეისების დაწყების ვადაა. ჩემთვის მთავარია, გავიგო, არის თუ არა ეს ვადა დაცული და რა არის ამისთვის საჭირო,” - აცხადებს კირიენკო.
ის აფხაზურ მხარეს შეახსენებს, რომ “ინვესტორებმა პროექტში უკვე მილიარდობით რუბლის ინვესტიცია განახორციელეს. მათ აქვთ გეგმა მეორე ეტაპისთვის და ამზადებენ საინვესტიციო პროექტს, რომ აეროპორტის გამტარუნარიანობა მისი შესაძლებლობის ამოწურვამდე გაფართოვდეს.”
დე ფაქტო ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, სოხუმის აეროპორტის ამოქმედებიდან დასაქმებულთა რაოდენობა 500 ადამიანს გადააჭარბებს. აეროპორტი პირველ ეტაპზე წელიწადში 1 მილიონამდე მგზავრს 2 მილიონამდე გაზრდის პერსპექტივით მიიღებს.
ამ დროისთვის დასრულებულია 3,100x45 მ. ასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია, სანავიგაციო სისტემის შემოფრენა და ჩრდილოეთ საჰაერო ტერმინალის კომპლექსის შენობის საძირკვლის სამუშაოები. მიმდინარეობს ტერმინალის ისტორიული შენობის რეკონსტრუქცია.
სოხუმის აეროპორტის მოდელის პრეზენტაცია 19 ნოემბერს, მოსკოვში ტრანსპორტის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომლის დორსაც პროექტის გეგმების რეალიზაცია ფართოდ პირველად გაშუქდა. აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსული კომპანია, „ინფრასტრუქტურული განვითარება“ ეწევა, რომლის თანამფლობელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევ-უმცროსია. ეს კომპანია კრემლმა გასული წლის 10 ივლისს, სპეციალურად სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის დააფუძნა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მლრდ რუბლს, ანუ ამჟამინდელი კურსით 120 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს.
ცნობისთვის: სერგეი კირიენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 31 იანვარს, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ჩაფრინდა, რომელიც 15 თებერვალს უნდა გაიმართოს. კულუარული ინფორმაციით, ის აფხაზეთში მოსკოვის ახალი კურატორი გახდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ