რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო აფხაზეთში ტურისტული ნაკადის შემცირებას 2024 წლის ნოემბრის მოვლენებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ნაკადის გაზრდა მოახლოებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
„აფხაზეთში ნოემბრის მოვლენების შემდეგ ბევრი ტურისტი, რომელიც ტრადიციულად აფხაზეთში საახალწლოდ ჩადიოდა ან ბევრი მათგანი, ვინც საახალწლოდ აფხაზეთში ჩასვლაზე ოცნებობდა, უფრო ფრთხილი გახდა. იმედი მაქვს, ყველაფერი, მათ შორის, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ემოციები სწრაფად ჩაივლის. აფხაზეთში ბრძენი ხალხი ცხოვრობს. თუ ყველაფერი კანონის ფარგლებში, ანუ კანონით რეგულირებული საკითხების ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობის გარეშე ჩაივლის, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება ტურისტებისთვის, რომლებიც აფხაზეთში ზაფხულის დასვენებაზე ოცნებობენ,“ - აცხადებს კირიენკო, რომელიც სოხუმში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 31 იანვარს ჩავიდა.
მისი თქმით, აფხაზეთის “მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება ტურისტებს ყველა კითხვას მოუხსნის.”
„ამ დღეებში ვესაუბრეთ აფხაზეთის ხელმძღვანელობასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების მთავარ მონაწილეებს. მეჩვენება, რომ ყველას ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მშვიდობიანი, მდგრადი განვითარება აფხაზეთისთვის. ვფიქრობ, ეს მოხსნის ყველა კითხვას იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ზაფხულს აფხაზეთში დასვენებას გეგმავს და ყველანაირი შანსია, რომ 2025 წლის სეზონი რეკორდული იყოს,“ - ამბობს კირიენკო.
კულუარული ინფორმაციით, სერგეი კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ახალი კურატორი გახდება.
აღსანიშნავია, რომ კრემლის ნარატივს რუსი ექსპერტებიც იმეორებენ. კერძოდ, რუსეთის საპრეზიდენტო აკადემიის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მენეჯმენტის კათედრის ლექტორ ალექსანდრ პრეობრაჟენსკის განცხადებით, ამჟამად რუს ტურისტებს აფხაზეთში ჩასვლა კატეგორიულად არ სურთ, ხოლო ზაფხულში ტურისტებს შორის აფხაზეთის პოპულარობა იქ პოლიტიკური ვითარების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, რუსი ტურისტები იმის მიხედვით გააქტიურდებიან, თუ ვის აირჩევენ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში. პრეობრაჟენსკი ამბობს, რომ აფხაზეთში, რომელმაც „რუსეთის მიმართ არამეგობრული ქმედებები გამოიჩინა, სადაც პრეზიდენტი, ასეა თუ ისე, ჩამოაგდეს და სადაც რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ჯერ გაურკვეველია,“ ბუნებრივია, რუსი ტურისტები ჩასვლისგან თავს შეიკავებენ და უფრო მშვიდ ადგილებს აირჩევენ.
ცნობისთვის: გასული წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების მცდელობას ოპოზიციის მიერ სამთავრობო შენობების დაკავება მოჰყვა. შეთანხმება რუსული ბიზნესისთვის აფხაზეთში ინვესტიციებისას მსხვილ პრეფერენციებს ითვალისწინებს, რაც ოპოზიციამ ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხედ ჩათვალა. პროტესტის შედეგად დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. პარლამენტმა „საინვესტიციო ხელშეკრულების“ რატიფიკაცია ჩააგდო.
აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. საზოგადოებრივი აზრის კვლევის სრულიად რუსეთის ცენტრის მიერ 23 იანვარს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომლის დროსაც 18 წლის და უფროსი ასაკის 1,634 რესპონდენტი გამოიკითხა, აფხაზეთის მცხოვრებთა მესამედზე მეტი, ანუ 32% დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ბადრა გუნბას, 15% ოპოზიციონერი კანდიდატის, ადგურ არძინბას, ხოლო 7% რუსეთში აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო სავაჭრო წარმომადგენლის, ოლეგ ბარციცის მხარდაჭერას გეგმავს. თუმცა ეს შედეგები აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო ტელევიზიამ არ გააშუქა, რაც რუსულმა ცენტრმა გააპროტესტა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ