„ქართული ოცნება“ გარკვეულ ქმედებებზე ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი უკვე პარლამენტშია წარდგენილი.
"მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მათ შორის, მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება. იზრდება ჯარიმები წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისათვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და მათი შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისათვის. ამასთან, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო-პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება.
მთელი რიგი ცვლილებები გვექნება სისხლის სამართლის კოდექსშიც. კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით. ცვლილების თანახმად კი, ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით.
იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისათვის. ეს გადავა მძიმე დანაშაულების კატეგორიაში, რაც ითვალისწინებს 5-დან 6 წლამდე პატიმრობას.
ასევე მკაცრდება პასუხისმგებლობა პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის, ჯგუფურობისთვის, არაერთგზისაა, საშიში საშუალებით განხორციელებისათვის. ეს ქმედებები დამამძიმებელ გარემოებაში გადავა და მკაცრი სანქცია იქნება.
სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც. ახალი ნორმა გაჩნდება კანონში - სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის, მუქარის ჩამდენი პირიც.
გარდა ამისა, არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება, მათ შორის გამკაცრების მიმართულებით და საკანონმდებლო პაკეტის ხილვა დეტალურად უკვე დღეს შეგეძლებათ,“ - განაცხადა მდინარაძემ.