აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის დაფინანსებას მიწის ექსპროპრიაციის ახალი კანონის გამო წყვეტს. კანონი მთავრობას უფლებას აძლევს, მესაკუთრეს ქონება მისი თანხმობის გარეშე ჩამოართვას.
ინფორმაციას Reuters სოციალურ ქსელში ტრამპის პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა, სულ მცირე, ყველას თვალწინ ხდება. შეერთებული შტატები ამას არ მოითმენს, ჩვენ ვიმოქმედებთ. ამასთან, მე შევწყვეტ სამხრეთ აფრიკის ყველა სამომავლო დაფინანსებას ამ სიტუაციის სრული გამოძიების დასრულებამდე,“ - წერს ტრამპი თავის TruthSocial-ში.
აშშ-ის მთავრობის მონაცემებით, ვაშინგტონმა 2023 წელს სამხრეთ აფრიკას, თითქმის, 440 მლნ დოლარი გამოუყო.
იანვარში ქვეყნის პრეზიდენტ სირილ რამაფოსამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“ მიწის ექსპროპრიაციას აადვილებს. Reuters-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მიწის საკუთრებაზე ისტორიული უთანასწორობის დაძლევას, რომელიც აპარტეიდის ეპოქიდან შემორჩა.
სამხრეთ აფრიკის ლიდერმა ტრამპის განცხადებას მშვიდად უპასუხა და აღნიშნა, რომ მას არჩევნების შემდეგ ესაუბრა და მზად არის, მის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს.
ამასთან, სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხოდ აღნიშნა, რომ გამოძიება ტრამპის მრჩევლებს საშუალებას მისცემს, უფრო დეტალურად გაეცნონ ქვეყნის პოლიტიკას და დარწმუნდნენ, რომ მსგავსი კანონები ბევრ ქვეყანაში არსებობს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ