ტრამპის ტარიფებმა კრიპტობაზარი ჩამოშალა

ბიტკოინის ფასი 3 თებერვლის გამთენიისას გარკვეულ მომენტში სამკვირიან მინიმუმამდე, 91,441.89 დოლარამდე დაეცა. ასევე, 24%-ით გაუფასურდა ეთერიუმიც და სამკვირიან მინიმუმამდე, ანუ, დაახლოებით, 2,100 დოლარამდე დაეცა. სხვა კრიპტოვალუტების უმეტესობა გაუფასურდა.

ინფორმაციას Reuters ინდუსტრიულ გამოცემა Incrypted-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთლიანობაში, კრიპტოვალუტების ბაზარზე ფიუჩერსებზე ლიკვიდაციის ოდენობამ 24 საათში 2,24 მლრდ დოლარს გადააჭარბა. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში 732,515 ტრეიდერის პოზიცია იქნა ლიკვიდირებული.

ყველაზე მეტი, ანუ 610 მლნ დოლარის ლიკვიდაციები ეთერიუმის წყვილებზე დაფიქსირდა. ბიტკოინზე ლიკვიდაციებმა, დაახლოებით, 412 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო დანარჩენი ოდენობა ალტკოინებს უკავშირდება.

ლიკვიდაციის ყველაზე დიდი თანხა, 824 მლნ დოლარი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ზე, შემდეგ კი 482 მლნ დოლარის ოდენობით OKX-ის კრიპტობირჟაზე დაფიქსირდა.

დღის 11:45 საათისთვის ბიტკოინის ფასმა 95,989.42 დოლარი, ხოლო ეთერიუმის ფასმა 2,584.07 დოლარი შეადგინა.

კრიპტობაზრის ჩამოშლის მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მექსიკურ და კანადურ იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი, ხოლო ჩინურ პროდუქციაზე 10%-იანი გადასახადის დაწესება სახელდება, რაც 1 თებერვლიდან ამოქმედდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ