„პროდუქტზე ფასები დაახლოებით, 10-15%-ით უკვე გაიზარდა - თებერვლის ბოლოდან გაძვირება მეტად ხელშესახები იქნება“

დიდგაბარიტიანი სადისტრიბუციო ავტოტრანსპორტისთვის დედაქალაქში, პიკის საათებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა სასურსათო პროდუქციის ფასებზე უკვე აისახა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“„დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ლაშა რიჟამაძემ განუცხადა.

ცნობისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დიდგაბარიტიანი სადისტრიბუციო ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა ძალაში 1-ლი იანვრიდან შევიდა. ამ გადაწყვეტილებით სადისტრიბუციო ტრანსპორტს 8 საათიდან 11 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მერიის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე გადაადგილება ეზღუდებათ.

„რიგი პროდუქტები 10-15%-ით უკვე გაძვირდა - ფასის ზრდა მარტიდან უფრო ხელშესახები იქნება“

რეგულაციის დაანონსების შემდეგ, დისტრიბუტორები საუბრობდნენ გაზრდილი ხარჯების შესახებ და აღნიშნავდნენ, რომ შედეგი საბოლოოდ ფასებზე აისახებოდა. ლაშა რიჟამაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისასა აღნიშნავს, რომ იმ პროდუქციაზე, რომლის დისტრიბუციაც დიდგაბარიტიანი ავტოტრანსპორტით ხორციელდებოდა ფასები დაახლოებით 10-15%-ით არის გაზრდილი.

„იანვარი სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ნაკლებად აქტიურია, ამ პერიოდში დატვირთულობა დაახლოებით 60%-ია. შეზღუდვის შედეგად შექმნილი ხარჯები ამ ეტაპისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ ყოფილა, მაგრამ თებერვლის ბოლოდან ხელშესახები იქნება. კომპანიებმა უკვე დაიწყეს გადაწყვეტილების ფასში ასახვა ყველა იმ პროდუქციაზე, რომლის მომარაგებაც ხორციელდებოდა გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებებით, ეს ხარჯი უკვე არსებობს და ასახულია ფასში.

რაც შეიძლება მაქსიმალურ ზრდას, თებერვლის ბოლოდან როცა სრული დატვირთვით დაიწყებენ კომპანიები მომარაგებას, ხელშესახები იქნება მომხმარებლისთვის ფასი, რომელიც დახვდება თაროზე. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ რჩება კომპანიას, რადგან წლის ჭრილში რეგულაციის შედეგად ხარჯები დაახლოებით 1 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ლოგიკურია, რომ ხარჯები საბოლოოდ აისახება ფასში.

გაზრდილი ფასები დამოკიდებულია პროდუქციის ტიპზე, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომხმარებლისთვის შესაძლოა იყოს რძის ნაწარმზე ფასის ცვლილება. ფასის ნაზარდი ინდივიდუალურია, დამოკიდებულია ამა თუ იმ კომპანიის სიდიდეზე, ავტოპარკზე, თუმცა, საშუალოდ პროდუქციის ტიპიდან გამომდინარე მერყეობს 10-15%-ის ფარგლებში“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, კერძოდ, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს. აკრძალვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. უკვე 2025 წლის 1-ლი იანვრიდან კი აღნიშნული შეზღუდვა სადისტრიბუციო მანქანებზეც ვრცელდება.

ამ დრომდე რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.

დიდი ავტომობილების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთებში, შემდეგ მისამართებზეა შეზღუდული: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.

რეგულაციის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი. რეგულაციის ფარგლებში, 2024 წლის განმავლობაში 1 153 574 ლარის ჯარიმა დაიწერა.

მერი ტაბატაძე