ფასდაკლებისას ნივთს იარლიყზე 3 ფასი უნდა ეწეროს - აღნიშნულს გულისხმობს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს მიერ 2024 წელს შემუშავებული, საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების სახელმძღვანელო დოკუმენტი.
უფრო კონკრეტულად, ამ დოკუმენტის თანახმად, ფასდაკლების გამოცხადებისას, მოვაჭრე ვალდებულია, საქონელსა და მომსახურებაზე მიუთითოს სამი სხვადასხვა ფასი.
„ფასდაკლებამდე არსებული ფასი ნიშნავს ყველაზე დაბალ ფასს, რომელიც მოვაჭრის მიერ დადგენილი იყო არანაკლებ ბოლო 30 დღის განმავლობაში. შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, ფასდაკლების გამოცხადებისას, საქონელსა და მომსახურებაზე მიუთითოს სამი სხვადასხვა ფასი:
აღნიშნული რეგულაცია ზრდის ფასების გამჭვირვალობას და უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცვას ფასდაკლების გამოცხადების შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული, ბოლო 30 დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასის მითითების რეგულაცია არ ვრცელდება ისეთი სახის პროდუქტებზე, რომლებიც მალფუჭებადია ან მოკლე ვარგისიანობის ვადა აქვს. გამონაკლისებში ექცევა ასევე საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, „გადაუდებელი დახმარების ჩანთაში“ გაერთიანებული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი და ჩამონათვალში არსებულ მედიკამენტებზე ფასდაკლების შემთხვევაში, მოვაჭრეს არ აქვს ვალდებულება მიუთითოს ბოლო 30 დღის განმავლობაში არსებული ყველაზე დაბალი ფასი,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის აღსრულება საქართველოში 2022 წლის ნოემბრიდან დაიწყო. კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს ცნობით, ამ მიმართულებით, სააგენტოში 2024 წელს - 890, ხოლო 2023 წელს - 495 განაცხადი დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, 2024 წელს - 198 საქმეზე, ხოლო 2023 წელს - 82 საქმეზე მომხმარებლის ჯგუფის უფლების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.