„ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს“ - რატომ მყარდება ლარი

ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დოლართან მიმართებით დაახლოებით, 3 თეთრით, ევროსთან კი 4 თეთრით გამყარდა. თუ 27 იანვარს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8834 ლარს შეადგენდა, ხოლო 1 ევრო 3.0247 ლარად ივაჭრებოდა. კვირის ბოლოს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8563 ლარს შეადგენდა, ხოლო 2 ევროს ფასი 2.9651 ლარი იყო.

ლარი გამყარების ტრენდ ინარჩუნებს, დღეს დღის განმავლობაშიც. თბილისის დროით 16:30 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ლარი 2.8350 ლარად ივაჭრება.

არსებობს თუ არა ლარის გამყარების ფუნდამენტური მიზეზი, ამასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ფინანსისტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ - არა.

რატომ მყარდება ლარი?

„ლარის გამყარების მიზეზი სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობაა, ზოგი ყიდულობს ვალუტას და ზოგი კი ყიდის. შესაბამისად, მუშაობს ეს ფაქტორები, ზოგი საქონლისა და მომსახურების ექსპორტი ხდება, რაც ვალუტის შემოდინებას იწვევს და იზრდება ლარზე მოთხოვნა, ხან პირიქით მცირდება ლარზე მოთხოვნა. კურსი დგინდება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. ის რომ, ყოველდღიური მერყეობაა ბაზარზე, ეს არის არა ფუნდამენტალური ფაქტორებით გამოწვეული, არამედ ჩვეულებრივი ყოველდღიური ვაჭრობის შედეგებია.

ლარი შარშანდელ პერიოდთან შედარებით დღეს უფრო გაუფასურებულია. რაც განპირობებულია, რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესებით. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საგანგაშოა ეკონომიკისთვის, რადგან ეს პოლიტიკური კრიზისი, საერთაშორისო არაღიარების ფაქტორი, დროთა განმავლობაში ეკონომიკას აუცილებლად მიიყვანს ჩიხში, იმ მდგომარეობამდე, როცა ეკონომიკური პრობლემები თავს იჩენს, გადაიზრდება უფრო რთულ პრობლემაში. ამ წუთას მსგავსი, რამ ეკონომიკაში არ ხდება, თუმცა არის ალბათობა იმისა, რომ სცენარი ამ მიმართულებით განვითარდეს. შესაბამისად, რაც დღეს ლართან მიმართებით ხდება განპირობებულია სავალუტო ბირჟაზე ყოველდღიური ვაჭრობის პროცესით. ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს“, - აკაკი ცომაია

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული დედაქალაქში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე არ აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას და მათ საბიუჯეტო დახმარებაზეც უარს ამბობს.

მაგდა შენგელია