მიღებულია გადაწყვეტილება 1 აპრილამდე საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის შესახებ - საჯარო მოხელეთა კავშირი

მიღებულია გადაწყვეტილება 1-ელ აპრილამდე საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის შესახებ, - ამის შესახებ საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლი ავრცელებს ინფორმაციას.

მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საჯარო სექტორის ჩამოშლა გრძელდება!

სახელმწიფო ინსტიტუტს უუქმდება მნიშვნელოვანი რგოლი. როგორც ცნობილი ხდება, მიღებულია გადაწყვეტილება 2025 წლის 1-ელ აპრილამდე სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის შესახებ.

საჯარო სამსახურის ბიურო 10 წელზე მეტია ემსახურება პროფესიული, პოლიტიკურად ნეიტრალური, კეთილსინდისიერი და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის შექმნას, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამ ღირებულების დასაცავად, ბიუროს თანამშრომლების ნაწილმა 2024 წლის ნოემბერში ხელი მოაწერა საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესულ რეპრესიულ ცვლილებებზე საპასუხოდ კი დამოუკიდებლად გაავრცელა კრიტიკული განცხადება.

კანონში შესული ცვლილებების შემდეგ საჯარო სამსახურის სისტემაში დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლება, რომლებმაც ისარგებლეს გამოხატვის თავისუფლებით და შეუერთდნენ საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციებს. ბიუროს თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ბიუროს ლიკვიდაცია სწორედ ამ პროცესის ნაწილია და ემსახურება საჯარო სამსახურში კრიტიკული აზრის ჩახშობას.

აღსანიშნავია, რომ განთავისუფლებული მოხელეების ნაწილი „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ წევრია.

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ კატეგორიულად გმობს საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმებას და აღნიშნული სამსახურის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს. იგი სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს განთავისუფლებულ საჯარო მოხელეებს და იბრძოლებს მათი უფლებების დასაცავად,“ - ნათქვამია განცხადებაში.