მომხმარებლები სესხის გამცემი სუბიექტების წინააღმდეგ - რა შინაარსის საჩივრები იწერება

2024 წელს სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ ჯამში 1 457 საჩივარი დაიწერა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ერთ თვეში, 2024 წლის დეკემბერში მათ მიმართ 29 პრეტენზია დაფიქსირდა, რაც როგორც თვიურ (-60%), ისე წლიურ ჭრილში (-83%) შემცირებული მაჩვენებელია. 2024 წლის ნოემბერში სესხის გამცემების მიმართ 73 საჩივარი დაიწერა, ხოლო 2023 წლის დეკემბერში 169.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის დეკემბერში შესული საჩივრიდან 26 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 2 - სალომბარდე სესხს, 1 - ბიზნეს სესხს.

რაც შეეხება პრეტენზიების ხასიათს, აღნიშნული საჩივრებიდან 24 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოდის, 2 - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე,1 - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #32/04 ბრძანების მოთხოვნის შესაბამისად, ინფორმაციის მიუწოდებლობაზე.

ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პრეტენზიებიდან 26-ის განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 2-ის შემთხვევაში პრეტენზიასთან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული, ხოლო 1-ის განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა საფუძვლიანად.

ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წელს დაეკისრათ, რა დროსაც მათი რაოდენობა 11-ს შეადგენდა. ამ დროისთვის კი, ბაზარზე სესხის გამცემი 164 სუბიექტი ოპერირებს.

ნინი ქეთელაური