„სისტემური პრობლემაა - 3 ხელისუფლება შეიცვალა, დევნილების მიმართ კი მიდგომა იგივეა“ - დავითაია დევნილების საცხოვრისით უზრუნველყოფაზე

„ეს არის სახელმწიფო, სისტემური პრობლემა,“- ასე აფასებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია „ბიზნესპრესნიუსთან“ დევნილების პრობლემებს.

საუბარია, ტრაგიკულ შემთხვევაზე, რა დროსაც დევნილმა, 44 წლის მამაკაცმა დევნილთა სააგენტოსთან თავი დაიწვა. როგორც პაატა დავითაია ამბობს, 3 ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა ამ ადამიანების პრობლემები იგივე რჩება.

„ძალიან მძიმე ფაქტია და სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩემთვის პირველი შემთხვევა არ არის. პირადად მე რაც მახსოვს, შევარდნაძის დროიდან მესამე ან მეოთხე ფაქტია. არა მხოლოდ ახლა გარდაიცვალა ადამიანი, იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც მოხდა მსგავსი შემთხვევა... შევარდნაძის პერიოდშიც, როდესაც იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ასე დაიწვა თავი, მე მაშინ იქვე აღმოვჩნდი და მოვასწარით ჩაქრობა. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. ამით იმის თქმა მინდა, რომ 3 ხელისუფლება შეიცვალა ქვეყანაში და პრობლემა რჩება იგივე. იმიტომ, რომ დევნილების მიმართ მიდგომაა ასეთი.

„ოცნების“ ხელისუფლების დროს თავიდანვე გავაპროტესტე, როდესაც 1500 ლარ შემოსავალზე მეტი ვისაც ექნებოდა, დევნილთა დახმარებას უხსნიდნენ. წარმოიდგინეთ, დახმარებას, რომელიც ისედაც კაპიკებია, უხსნი იმის გამო, რომ საკუთარი შრომით 1500 ლარი შეიტანა ოჯახში. ეს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ბრალია ეს ხალხი დევნილი რომ არის. მე მაშინ ღიად დავუპირისპირდი ამას და დევნილთა დახმარებაზეც უარი ვთქვი, თუ სახელმწიფოს ასე უჭირს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მაშინ არცერთმა დევნილმა მხარი არ დამიჭირა. იმიტომ კი არა რომ ჩემს მოსაზრებას არ უჭერდა მხარს, არამედ იმის გამო, რომ შეშინებულები არიან, ბინას არ მოგცემ, დახმარებას მოგიხსნი, დღესაც იგივე ხდება. მაგალითად, არჩევნების პერიოდი რომ არის, სამწუხაროდ, ხელისუფლებას ტოტალურად დევნილები აძლევენ ხმას. იმის გამო კი არა, რომ უნდათ, უბრალოდ ეშინიათ. ამას „დევნილთა სინდრომი“ ჰქვია, ეს მხოლოდ საქართველოში არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ მას ჰგონია სახელმწიფო დაუბრუნებს იმას, რაც სახელმწიფომ დააკარგვინა. მე ამით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები, აზრის გამოხატვაში არიან შეზღუდული და ხდება მომენტები, როდესაც ასეთ ადამიანებს ეკეტებათ და იმ რეალობის წინაშე ვდგებით, რომელიც მოხდა.

ეს არის სახელმწიფო, სისტემური პრობლემა. დაყვანილია იმაზე, რომ ბინა მიეცეს და იმ ცხოვრების წლებს არავინ თვლის, რამ მიიყვანა ამ დონემდე, არავინ თვლის, იმ ქირით ცხოვრებას, დამცირებით, გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას...“ - ამბობს პაატა დავითაია.

შეგახსენებთ, რომ 27 იანვარს, დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა დევნილთა სააგენტოსთან თავი დაიწვა. ის შეხვედრასა და ვინმესთან ლაპარაკს ითხოვდა, საცხოვრისთან დაკავშირებით. 1-ელ თებერვალს ზამირ კვეკვესკირი საავადმყოფოში, მრავლობითი და მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ დღეს დევნილებმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გამართეს აქცია უსამართლო საბინაო პოლიტიკის წინააღმდეგ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აფხაზეთის ომიდან სამი ათწლეულის შემდეგაც კი დევნილთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ნორმალური საცხოვრისი და მათი უმეტესობა ისევ დროებით კომპაქტურ ჩასახლებებში ცხოვრობს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დევნილებს.

ნინი ქეთელაური