იკრძალება აქციების დროს ხიდების, გვირაბების ბლოკირება - კანონპროექტის დეტალები

„ქართული ოცნება“ გარკვეულ ქმედებებზე ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი უკვე პარლამენტშია წარდგენილი. შეკრება-მანიფესტაციებთან, ასევე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები რვა კანონში შედის და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა, რის შემდეგაც სესიაზე გავა.

მათ შორის, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დახურულ სივრცეში/შენობაში, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება აიკრძალება.

ამასთან, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.

„კანონპროექტით რეგულირდება დროებითი კონსტრუქციების მოწყობის საკითხი, იმ შემთხვევებში, როდესაც მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება,“- ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და რატი იონათამიშვილი.

თაია არდოტელი