დეპუტატებმა თიანეთის მოსახლეობას ე.წ. მთის კანონპროექტი გააცნეს

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ზაქარია ქუცნაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მირიან წიკლაურმა თიანეთის მოსახლეობას ე.წ. მთის კანონპროექტი გააცნეს.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრას ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელი საქართველოში ლორა ტორნტონიც დაესწრო. შეხვედრა მიზნად ისახავდა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის "საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონპროექტის გაცნობას. დეპუტატებმა მოსახლეობას კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები და ღირებულები განუმარტეს.

როგორც თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუნაშვილმა განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტის მთავარი მიზანი არის არა მხოლოდ მთაში მოსახლეობის დამაგრება, არამედ მთის განვითარება. "ჩვენს საზოგადოებას შევპირდით, რომ ქართველი ხალხის 20-წლიან ოცნებას - მაღალმთიან რეგიონებს ჰქონოდა თავისი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობდა მთის განვითარებას, ავამოქმედებდით. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის დღიდან საკმაოდ დაძაბული შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ შეგვემუშავებინა პროექტი, რომლის მიზანი იქნებოდა მთის განვითარება. ამდენად, აღნიშნული კანონპროექტის მთავარი მიზანი და ჩვენი სახელმძღვანელო არის ის, რომ ვიზრუნოთ არა მხოლოდ მთაში მოსახლეობის დამაგრებაზე, არამედ მთის განვითარებაზე", - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.