თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის კიდევ ერთ ლოტზე შესყიდვა მეორედ გამოაცხადა. საუბარია რუსთაველის მეტროდან ალ. ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით გზის რეაბილიტაციაზე. სახელმწიფოს შესყიდვების ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 464 123 ლარს შეადგენს.
დოკუმენტების მიხედვით, რუსთაველის მეტროდან ჭავჭავაძის გამზირის ჩათლით გზის რეაბილიტაციისთვის წინა ტენდერი 24 დეკემბერს იყო გამოცხადებული. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს „დინ გრუპმა“ მიიღო, თუმცა ტენდერი არ შედგა, შესყიდვა კი მეორედ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი 4 ლოტად 2024 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა. შესყიდვის ჯამური ღირებულება 28 440 411 ლარი იყო. ტენდერში წინადადებების მიღება 14 იანვარს დასრულდა. თუმცა 4 შესყიდვიდან 2 (ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე და ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით) პრეტენდენტის არარსებობის გამო ჩავარდა. აღნიშნულ ორ ლოტზე შესყიდვა მერიამ 15 იანვარს ხელახლა გამოაცხადა.
რაც შეეხება მეოთხე ტენდერს, სავარაუდო ღირებულება 4 382 808 ლარს შეადგენდა. საუბარია ამ შემთხვევაში ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს „რუსთაველი“-მდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე. ტენდერში ორმა კომპანიამ - შპს „სმარტ სოლუშენსმა“ და შპს „დინ გრუპმა“ მიიღო მონაწილეობაა. ამ ეტაპზე შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს.