ევროკავშირმა შესაძლოა, თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაციის წესი გაამკაცროს

ევროკავშირი ლტოლვილების შესახებ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მიღებული კონვენციის გადასინჯვას გეგმავს, რომელიც ქვეყნებს თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზღვარზევე უარის თქმას უკრძალავს,

ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, The Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპაში სულ უფრო მზარდია კონსენსუსი იმაზე, რომ დასახულ მიზნებს ვეღარ პასუხობს 1951 წლის ლტოლვილთა კონვენცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის შედგენილი და ევროპული სასამართლოებისა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის შევსებული.

The Times წერს, რომ ბოლო ათწლეულების მიგრაციის პოლიტიკაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება იქნება.

1951 წლის კონვენციას 144-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი და ასახავს სახელმწიფოთა სამართლებრივ ვალდებულებებს, რომლებიც არგაძევების ფუნდამენტური პრინციპით არის გამყარებული. ეს პრინციპი ადგენს, რომ არცერთი თავშესაფრის მაძიებელი არ უნდა დააბრუნონ ქვეყანაში, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

ევროკავშირის მთავრობები შეშფოთებული არიან, რომ თავშესაფრის უფლების შეზღუდვა მხოლოდ „გადაუდებელ სიტუაციებში“ არის დაშვებული, რაც „ახალ რეალობას“ არ ითვალისწინებს.

დოკუმენტი პოლონეთმა მოამზადა, ხოლო ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა გასულ ხუთშაბათს განიხილეს. მასში მოცემულია წინადადებები თავშესაფრის წარუმატებელი მაძიებლებისა და დანაშაულში ჩართული ლტოლვილების, ასევე, სხვა მიგრანტების დეპორტაციის დასაჩქარებლად.

The Times-ის ცნობით, ევროპული მთავრობები იმედოვნებენ, რომ ეს ზომები, ასევე, ხელს შეუწყობს საკითხის განხილვას საერთაშორისო დონეზე და 1951 წლის კონვენციის პოტენციურ სამართლებრივ ცვლილებებს გამოიწვევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ