რუსული ხორბლის საექსპორტო ფასები გასული სეზონის დონემდე გაიზარდა, თუმცა ბაზარი ლიკვიდურობას კარგავს

რუსული ხორბლის საექსპორტო ფასები გასულ კვირას გაიზარდა და 2023/24 სეზონური წლის დონეს პირველად დაუბრუნდა. თუმცა ბაზარი სწრაფად კარგავს ლიკვიდურობას და მიწოდების გეოგრაფია ვიწროვდება.

ინფორმაციას Reuters რუს ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისინი, იანვრის მსგავსად, თებერვალშიც ექსპორტის მოცულობის განახევრებას პროგნოზირებენ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე, დაეცემა ხორბლისა და მზესუმზირის ზეთის ექსპორტიორთა მარჟა.

სააგენტო IKAR-ის ცნობით, 12,5%-იანი პროტეინის შემცველობის რუსული ახალი მოსავლის ხორბლის FOB-ფასი, თებერვლის წინა კვირასთან შედარებით, 2,5 დოლარით გაიზარდა და ტონაზე 239 დოლარამდე შეადგინა, ხოლო მარტის დასაწყისის მიწოდება 6.5 დოლარით, ტონაზე 243 დოლარამდე გაძვირდა.

IKAR-ში აცხადებენ, რომ „მართალია, ბაზარი იზრდება, მაგრამ მყიდველი ცოტაა და გამყიდველიც სულ უფრო იკლებს. ლიკვიდობა მცირდება.“ ამასთან, გეოგრაფიულად რუსული ხორბლის ბაზარი მეტად სერიოზულად იკვეცება. კერძოდ, თუ დეკემბერში შორი მანძილის, ანუ დასავლეთ აფრიკის დასავლეთითა და ირანის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებში გადაზიდვებმა 1,3 მლნ ტონა შეადგინა, იანვარში მხოლოდ 0,3 მლნ ტონა დაფიქსირდა, რაც მთლიანი ბაზრის 75%-იანია კლებაა. მიზეზად არგენტინისა და ავსტრალიის მხრიდან კონკურენცია სახელდება.

15 თებერვლიდან რუსეთში სეზონის მეორე ნაწილის საექსპორტო კვოტა ამოქმედდება, რომელიც წელს, შარშანდელთან შედარებით, რამდენჯერმე ნაკლებია. კერძოდ, ხორბალსა და მესლინზე საექსპორტო კვოტა 10,6 მილიონს, ხოლო სხვა მარცვლეულის ექსპორტი, ფაქტობრივად, აიკრძალება, 530,000 ტონა სიმინდის გარდა პრიმორიესა და ამურის ოლქიდან.

IKAR-ის მონაცემებით, იანვრის ხორბლის ექსპორტი, დეკემბრის 3,8 მლნ ტონასთან შედარებით, 2,4-2,5 მლნ ტონამდე შემცირდა, ხოლო თებერვლის ექსპორტი კიდევ უფრო ნაკლები მოცულობით, კერძოდ, 2,2-2,4 მლნ ტონით არის შეფასებული.

„რუსაგროტრანსი“ თებერვლის ექსპორტს, გასული წლის ანალოგიური თვესთან შედარებით, განახევრებული მოცულობით, 2,2-2,3 მლნ ტონით პროგნიზურებს, რაც 2020 წლის თებერვლის შემდეგ (1,9 მლნ ტონა) ყველაზე დაბალი დონეა.

IKAR-ის ცნობით, გასულ კვირას 20 დოლარით დაეცა მზესუმზირის ზეთის საექსპორტო ფასიც და ტონაზე FOB-ფასმა 1030 დოლარი შეადგინა. რუსეთში მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი დეკემბრის 16,067.0 რუბლიდან თებერვლისთვის 17,786.4 რუბლამდე (162-დნა 179 დოლარამდე) გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ