„დღგ-დან შემოსავლების კლება ეკონომიკური კრიზისის პირველი სიგნალია“ - საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილი შემცირდა

2025 წლის იანვარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დღგ-დან მიღებული სახელმწიფო შემოსავლები 0.9%-ით შემცირდა. 2025 წლის საანგარიშო პერიოდში გადასახადის ამ სახეობიდან ბიუჯეტში 805 536 734 ლარი შევიდა, 2024 წლის იმავე თვეში კი 812 979 202 მილიონი ლარი.

ამასთან ერთად, 38%-ით არის შემცირებული აქციზიდან მიღებული შემოსავლები. უფრო კონკრეტულად, გასული წლის იანვარში ბიუჯეტში აქციზიდან 177 897 617 ლარი შევიდა, წელს იმავე პერიოდში კი 109 690 856 ლარი.

21%-იან შემცირებას აჩვენებს იმპორტის გადასახადი. 2024 წლის პირველ თვეში ბიუჯეტში იმპორტის გადასახადიდან 10 996 824 ლარი შევიდა, წელს იმავე პერიოდში კი 8 625 831 ლარი.

ქონების გადასახადი საანგარიშო პერიოდში 1.7%-ით არის შემცირებული. მაგალითად, წელს იანვარში ბიუჯეტში ქონების გადასახადმა 4 806 519 ლარი შეადგინა, გასული წლის იანვარში კი 4 892 273 ლარს უტოლდებოდა.

საანგარიშო პერიოდში 16%-ით ზრდას აჩვენებს საშემოსავლო გადასახადები. 2025 წლის იანვარში აღნიშნული გადასახადიდან 833 643 333 ლარი შევიდა ბიუჯეტში, 2024 წელს კი 714 499 153 ლარი.

ამასთან ერთად, 17%-ით გაიზარდა მოგების გადასახადი. 2024 წლის იანვარში მოგების გადასახადი 233 802 466 ლარს შეადგენდა, 2025 წლის იმავე თვეში კი 273 805 982 ლარს.

„დღგ-დან შემოსავლების კლება ეკონომიკური კრიზისის პირველი სიგნალია"

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ბიუჯეტში გადასახადების ზრდა/შემცირებას ეხმაურება. ხიშტოვანი ყურადღებას ამახვილებს დღგ-ს კლებაზე და აღნიშნავს, რომ დღგ-ს გადასახადის შემცირება ეკონომიკური კრიზისის პირველი ნიშანია.

„2025 წლის იანვარში, 2024 წლის იანვართან შედარებით დღგ-დან შემოსავლების 1%-იანი კლება ეკონომიკური კრიზისის პირველი სიგნალია (შედარებისთვის, 2024 წლის იანვარში, 2023 წლის იანვართან შედარებით დღგ-დან სახელმწიფო შემოსავლების 13,4%-იანი ზრდა გვქონდა; 2023-ის წლის იანვარში, 2022-ის იანვართან შედარებით, 23,5%-იანი ზრდა);

სხვა გადასახადების კატეგორიის გამოკლებით, ჯამში, ნომინალში, ამოღებული გადასახადების მხოლოდ წლიური 4%-იანი ზრდა სერიოზულად დამაფიქრებელია (განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2024 იანვარში, 2023 წლის იანვართან შედარებით, წლიური 15%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა);

აქციზიდან შემოსავლების კლება, სავარაუდოდ, იხსნება იმპორტიორების მხრიდან სტოკის ზებუნებრივი ზრდით 2024 წლის ბოლოს;

წლების უკეთესად შედარების მიზნით, კატეგორია სხვა გადასახედები ამოღებულია ცხრიდან; 2024-ის იანვარში, თითქმის 110 მილიონი ლარის მანამდე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადები დაუბრუნდათ უკან მეწარმეებს ბიუჯეტიდან, მაშინ როდესაც, 2025-ის იანვარში, 23 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წლის იანვარში, 60 მილიონი ლარი მიიღო სახელმწიფომ სხვა გადასახადებისგან“, - წერს გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში.

მერი ტაბატაძე