აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას 2026 წლისთვის სუვერენული კეთილდღეობის ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც, ტრამპის თქმით, პოტენციურად შეძლებს, ჩინურ ByteDance-ისგან მოკლე ვიდეოების აპლიკაცია TikTok იყიდოს.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, თუ როგორ იმუშავებს ან შეივსება სუვერენული სიმდიდრის ფონდი, თუმცა, როგორც პრეზიდენტი ამბობს, დაფინანსება შესაძლოა, ტარიფებითა და სხვა ინსტრუმენტებით იქნეს უზრუნველყოფილი.
ტრამპის თქმით, ის TikTok-ის შეძენაზე უამრავ ადამიანთან მართავს მოლაპარაკებებს და აპლიკაციის მომავალთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, თებერვალში მიიღებს გადაწყვეტილებას. მაგალითად, იანვრის ბოლოს ტრამპი აცხადებდა, რომ TikTok-ის შეძენას კომპანია Microsoft-იც ცდილობს.
ცნობისთვის: 19 იანვარს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც პლატფორმის ჩინურ მფლობელ ByteDance-ს თავისი ამერიკული ბიზნესის გაყიდვას ავალდებულებს. 18 იანვარს აშშ-ის მომხმარებლებისთვის TikTok გაითიშა, თუმცა სერვისი ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე აღდგა. 20 იანვრის ინაუგურაციისას ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას და გაყიდვის შესახებ კანონის ამოქმედება 75 დღით გადადო. TikTok-ს აშშ-ში, დაახლოებით, 170 მლნ მომხმარებელი ჰყავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ