რუსეთი აფხაზეთთან დე ფაქტო საზღვარზე ადლერის საგუშაგოს აფართოებს - ბიუჯეტი 10 მლრდ რუბლია

რუსეთის ხელისუფლება სოჭში, ოკუპირებული აფხაზეთთან საზღვარზე მდებარე ადლერის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს „კარდინალური რეკონსტრუქციისთვის“ 10 მლრდ რუბლზე (101 მლნ დოლარზე) მეტს გამოყოფს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილე სერგეი კირიენკომ განაცხადა, რასაც “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

მისი თქმით, რეკონსტრუქციის შედეგად საგუშაგოს, პირველ რიგში, სატრანსპორტო გამტარუნარიანობა “რამდენჯერმე” გაიზრდება და დღეში 14 ათას ავტომობილსა და 80 ათას ადამიანს შეადგენს.

სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

„ტერიტორიის გასაფართოებლად დამატებითი მიწის ნაკვეთი გამოიყო და რაც შეიძლება, სწრაფად შეიქმნება ხალხისთვის აუცილებელი და პირველადი პირობები, როგორიც არის ტუალეტების საკმარისი რაოდენობა, სასმელ წყალზე წვდომა, სკამები, უფრო მოსახერხებელი ნავიგაცია, საზღვრის სწრაფი გავლა და საბაჟო დოკუმენტების მარტივი შევსება, “ - ამბობს კირიენკო.

ადლერის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის გეგმა ჯერ კიდევ 2023 წელს გამოცხადდა. თუმცა სამუშაოები მანამდეც, 2012 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის ჩატარდა. მაშინ გამტარუნარიანობა დღეში 2 ათას ავტომობილამდე და 28 ათას ადამიანამდე გაიზარდა. თუმცა 2023 წლის აგვისტოში სატრანსპორტო ნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც პუნქტის სტანდარტებს შვიდჯერ აჭარბებდა.

ცნობისთვის: სერგეი კირიენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 31 იანვარს, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ჩაფრინდა, რომელიც 15 თებერვალს უნდა გაიმართოს. კულუარული ინფორმაციით, ის აფხაზეთში მოსკოვის ახალი კურატორი გახდება. ბოლოს კირიენკო აფხაზეთში 25 წლის წინ, 1999 წელს იმყოფებოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ