„აფხაზეთში კატასტროფა ხდება და აქ არის სრული სიჩუმე“, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა აფხაზები ფაქტობრივად, დააჩოქა, ამისთვის კი ყველა შესაბამისი პირობა შეუქმნა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ამ დროისთვის კი, როგორც ცნობილია, აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო იმყოფება.
„ახლა აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და ეს თემა არავის აინტერესებს. წარმოიდგინეთ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე კირიენკო იმყოფება აფხაზეთში, აქ ყველა დუმს. არც საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს რეაქცია, არც არავის! წარმოდგენა რომ გქონდეთ, კირიენკო სოხუმში სწავლობდა მეშვიდე კლასამდე და ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკია კრემლში. ის დაესწრო სამუშაოების დასრულებას სოხუმის აეროპორტში, რომელზეც ითქვა, რომ 1-ელ მაისს შედგება პირველი ფრენა. ამის შემდეგ დაანონსდა აეროპორტის გადიდება, რადგან როგორც სამოგზაურო, ისე სატვირთო აეროპორტის გაკეთება უნდათ. ეს ხომ ჩვენი ტერიტორიებია და მისი ანექსიაა?!
წავიდა სერიოზული საუბარი ენერგეტიკაზე, ვარდნილჰესების, მეორე და მესამე ჰესის აღდგენაზე და რუსებისთვის გადაცემაზე. აფხაზეთში კატასტროფა ხდება და აქ არის სრული სიჩუმე.
რაც შეეხება ტურიზმს და ა.შ. რუსეთმა (იმ გამოვლინებებით, რაც ჰქონდათ აფხაზებს), აფხაზები დააჩოქა. შესაბამისად, ე.წ სახელისუფლებო კანდიდატი დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს. რუსეთმა დააჩოქა იმით, რომ დენი გაუთიშა, დააჩოქა იმით, რომ ხელფასები არ მისცა, მათი დამონება ხდება... აქედან სიჩუმეა. ეს არის რეალობა, რაც იქ ხდება. აქ კი, როგორც არის დევნილების საკითხი, ისეა აფხაზეთის თემა. არავის აინტერესებს იმიტომ, რომ აფხაზეთის თემა პოპულარული არ არის. 2 კვირაა ხმას არ ვიღებ, მაინტერესებდა, ვინმე თუ გამოეხმაურებოდა, მაგრამ არავინ... “,- ამბობს პაატა დავითაია.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების მცდელობას ოპოზიციის მიერ სამთავრობო შენობების დაკავება მოჰყვა. შეთანხმება რუსული ბიზნესისთვის აფხაზეთში ინვესტიციებისას მსხვილ პრეფერენციებს ითვალისწინებს, რაც ოპოზიციამ ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხედ ჩათვალა.
პროტესტის შედეგად დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. პარლამენტმა „საინვესტიციო ხელშეკრულების“ რატიფიკაცია ჩააგდო.15 თებერვალს კი ე.წ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაინიშნა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის სრულიად რუსეთის ცენტრის მიერ 23 იანვარს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, აფხაზეთის მცხოვრებთა მესამედზე მეტი, ანუ 32% დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ბადრა გუნბას, 15% ოპოზიციონერი კანდიდატის, ადგურ არძინბას, ხოლო 7% რუსეთში აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო სავაჭრო წარმომადგენლის, ოლეგ ბარციცის მხარდაჭერას გეგმავს.