ევროკავშირი ალკოჰოლის ყველაზე მაღალი მოხმარების სუბრეგიონია -  ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ევროკავშირი მსოფლიოში ალკოჰოლის ყველაზე მაღალი მოხმარების სუბრეგიონად დაასახელა.

ჯანმო-ს ანგარიში ორგანიზაციის ვებგვერდზე ვრცელდება.

ეს მაჩვენებელი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პრაქტიკულად, უცვლელია.

ანგარიშში წერია, რომ ევროკავშირი ალკოჰოლის მოხმარების შემცირების მიმართულებით არ პროგრესირებს. თუმცა, ჯანმო-ს მიხედვით, ყველაზე წარმატებული მაგალითი, რომელიც ალკოჰოლის მოხმარების შემცირებას აჩვენებს, მისი გაყიდვების მართვის მოდელია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში. კერძოდ, ფინეთში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, შვედეთსა და ფარერის კუნძულებზე ალკოჰოლური სასმელების გაყიდვაზე სახელმწიფო მონოპოლიები მოქმედებს.

მოგების მიზნით გაყიდვის მოდელებისგან განსხვავებით, სკანდინავიური სისტემა ალკოჰოლის ხელმისაწვდომობას ზღუდავს და მაღაზიებსა თუ კერძო საცალო ვაჭრობაში ძლიერი სასმელების გაყიდვის აკრძალვით კომერციულ გავლენას ამცირებს. სახელმწიფო მონოპოლიები, როგორიც არის ATVR ისლანდიაში, Systembolaget შვედეთში, Alko ფინეთში, Rusdrekkasøla Landsins ფარერის კუნძულებზე და Vinmonopolet ნორვეგიაში, მოგების ნაცვლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტით მოქმედებენ.

მათ აქვთ შეზღუდვები საცალო მაღაზიების რაოდენობაზე, გახსნის საათებსა და გაყიდვების დღეებზე, ასევე, მკაცრად კონტროლდება მყიდველების ასაკი, ხოლო რეკლამა და ფასდაკლებები აკრძალულია. შედეგად, სახელმწიფო მონოპოლიის მქონე ქვეყნებს, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარების დაბალი დონე, ასევე, ალკოჰოლთან დაკავშირებული დაავადებების, მათ შორის, კიბოს, ღვიძლისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ტრავმებისა და დახრჩობის ნაკლები მაჩვენებელი აქვთ.

2023 წელს ჯანმო წერდა, რომ ალკოჰოლის მოხმარების უსაფრთხო დონე არ არსებობს. ორგანიზაციის შეფასებით, ამჟამად არსებული სამეცნიერო მონაცემები არ ადასტურებს გარკვეული ბარიერის არსებობას, რომელზედაც ალკოჰოლის კანცეროგენური თვისებები „ირთვება“ და ადამიანის ორგანიზმში გამოვლენას იწყებს. უფრო მეტიც, არ არსებობს სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ალკოჰოლის მოხმარების პოტენციურ სასარგებლო ეფექტს აჩვენებდეს.

ჯანმო-ს პოზიციამ დისკუსია გამოიწვია. კერძოდ, 2024 წლის დეკემბერში იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრ ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ გააკრიტიკა ანტიალკოჰოლური კამპანია, რომელსაც ჯანმო ევროპარლამენტთან ერთად ახორციელებს. მინისტრის შეფასებით, “ალკოჰოლური პროდუქტის ზომიერი მოხმარების ხელშეწყობა აუცილებელია, თუმცა ღვინის დემონიზაცია არასწორია.” პირიქით, ლოლობრიჯიდა ალკოჰოლური სასმლის სწორ, ანუ იტალიურ დიეტაში ჩართვას მიიჩნევს გამოსავლად და პროდუქტის პოპულარიზაციისკენ, მომხმარებლებს კი ხარისხიანი ღვინის შეძენისკენ მოუწოდებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ