„ეს ბევრ კომპანიაში გამოიწვევს უკმაყოფილებას. ბევრ მათგანს სურს, რომ ხარჯები შეამციროს, ან გრძელვადიან პერსპექტივაში დაასტაბილუროს. იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ მას რომ ენერგომატარებლებზე ფასი ეზრდება, ბიზნეს აქტივობა საფრთხის ქვეშ დგება“, - ამის შესახებ საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელმა თორნიკე დარჯანია „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
საუბარია, მზის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრის შესაძლო შემცირებაზე. კერძოდ, „სემეკი“ აპირებს, რომ მზის ელექტროსადგურებისთვის დადგმული სიმძლავრე 500 კვტ.სთ-დან 100 კვტ.სთ-მდე შეამციროს. მისი განმარტებით, ნეტო აღრიცხვის პროექტმა განვითარების პიკს უკვე მიაღწია და ბაზარზე 14%-იანი ლიმიტიც შეივსო, რაც გამანაწილებელი კომპანიებისთვის გარკვეულ პრობლემებს უქმნის.
თუმცა, ბიზნესები, რომლებიც ქვეყანაში მწვანე ენერგიას გამოიმუშავებენ, ამბობენ, რომ სფერო ინვესტირების კუთხითაც არამიმზიდველი გახდება.
ამასთან, თორნიკე დარჯანია აღნიშნავს, რომ ბიზნესი გაძვირებულ ენერგიას საკუთარი ჯიბიდან არ გადაიხდის და ეს სამომავლოდ პროდუქციის ფასში აისახება.
„ეს ბევრ კომპანიაში გამოიწვევს უკმაყოფილებას. ბევრ მათგანს სურს, რომ ხარჯები შეამციროს, ან გრძელვადიან პერსპექტივაში დაასტაბილუროს. იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ მას რომ ენერგომატარებლებზე ფასი ეზრდება, ბიზნეს აქტივობა საფრთხის ქვეშ დგება. პროდუქცია შესაძლოა, ისე გაუძვირდეს, რომ ვერ აწარმოოს. ამის ძალიან კარგი მაგალითია მეტალურგიის ბიზნესი, გაუძვირდა ენერგია, მსოფლიოში სადღაც შემცირდა და გაჩერებული იყო წარმოება. იგივე ვითარებაა, სხვა დიდ ბიზნესებში, სადაც ენერგიის ფასს აქვს დიდი წილი პროდუქტში. ამიტომ, ეს მათ დაარტყამთ და ეს არის უკმაყოფილების მიზეზი. არადა, მე შემიძლია ეს გამოვიყენო, დავამონტაჟო, ამით ჩემი ხარჯები შევამცირო და აქეთ უკვე რეგულაცია არ არის, რომელიც მე ხელს შემიწყობს.
კი, შეიძლება ითქვას, რომ ნეტო აღრიცხვის სისტემა არის სუბსიდია, წახალისება, მაგრამ, აქედან უნდა გამოვიდეთ. უნდა ვთქვათ, რომ ამ ბიზნესს არანაირი წახალისება არ სჭირდება, არც ვიღაცის ხარჯზე, ტარიფზე დაწოლა. ამ ბიზნესს სჭირდება, რომ მივცეთ განვითარების საშუალება.
ეს, ისევ და ისევ, გამოიწვევს მომხმარებლების დაზარალებას იმიტომ, რომ არცერთი ბიზნესმენი ენერგიის ხარჯს საკუთარი ჯიბიდან არ აფინანსებს და ყველაფერი პროდუქტის ფასში შეაქვს. რასაც საბოლოოდ ისევ ჩვენ, მომხმარებლები ვხდით“,- განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.