ვენის სახლები დედამიწის წიაღიდან გათბება

ვენაში გეოთერმული ელექტროსადგურის ბურღვა დაიწყო, რომელიც ავსტრიაში პირველია. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

2028 წლისთვის ავსტრიის დედაქალაქში 20,000 სახლი, სავარაუდოდ, დედამიწის წიაღიდან მიღებული ენერგიით გათბება.

ვენის ქვეშ ცხელი წყლის საბადოა, რომელიც მილიონობით წლისაა და 2-დან 4 ათას მეტრამდე სიღრმეზე მდებარეობს.

მიწის გაბურღვა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 3 კილომეტრზე მეტ სიღრმეზე იგეგმება. მიწისქვეშ ყოველ 100 მეტრზე ტემპერატურა, ზედაპირთან შედარებით, 3 გრადუსით იმატებს, ხოლო 3 ათას მეტრზე მეტ სიღრმეზე წყალი 100 გრადუს ცელსიუსამდე თბება.

ბურღვის შედეგად დადგინდება, თუ რამდენი წყლის გამოყენება არის შესაძლებელი, როგორია მისი ტემპერატურა და შემადგენლობა. ჭაბურღილის დიამეტრი მხოლოდ 30 სანტიმეტრია, ამიტომ ბურღვა ადგილობრივ ლანდშაფტს არ დააზიანებს.

შემდეგ ეტაპზე სპეციალისტები ჭაბურღილის ორ სისტემას დადგამენ, რომელთაგან პირველიდან ცხელი წყალი სახლებს გასათბობად მიეწოდება, მეორეთი კი ისევ მიწისქვეშ ხელახლა გასათბობად ჩაედინება. ეს წყლის მარაგის შენახვას ხელს შეუწყობს.

ვენას ევროპაში ცენტრალური გათბობის ერთ-ერთი უდიდესი სისტემა აქვს, რომელზეც 440,000 სახლი არის დაკავშირებული. აქედან 120 ათასი სახლი 2030 წლისთვის სითბოს დედამიწის წიაღიდან მიიღებს. სამომავლოდ ავსტრიის დედაქალაქში კიდევ შვიდი გეოთერმული სისტემის აშენება იგეგმება, რომელიც 200,000 სახლს გაათბობს.

გეოთერმული ენერგიის შედეგად ვენა ნახშირბადზე დაფუძნებულ საწვავზე, ანუ ნავთობზე, ქვანახშირსა და გაზზე უარს იტყვის და სითბური გაზის ემისიებს შეამცირებს. ავსტრიის დედაქალაქს დაგეგმილი აქვს, 2040 წლისთვის კლიმატურ ნეიტრალიტეტს მიაღწიოს.

ცნობისთვის: გეოთერმული სითბოს წყაროებზე გადასვლას ბერლინიც გეგმავს. ქალაქის მერიამ უკვე გამოავლინა 13 ადგილი, სადაც საცდელი განვითარება და ჭაბურღილების ბურღვა წელს დაიწყება. ბერლინი კლიმატურ ნეიტრალიტეტს 2045 წლისთვის გეგმავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ