"ფრონტერა" საქართველოში არსებული მარაგებიდან გაზის ექსპორტს უკრაინაში მოახდენს

უკრაინის "ნეფტოგაზმა" და ამერიკულმა კომპანია "ფრონტერამ" ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ამერიკული კომპანიის საქართველოში არსებული მარაგებიდან თხევადი აირის ექსპორტს ითვალისწინებს.

ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია შეიმუშავოს ერთობლივი მიდგომა უკრაინაში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და მოპოვების პროექტებში თანამშრომლობისთვის და ამავდროულად შეისწავლოს თხევადი ბუნებრივი გაზის უკრაინაში მიწოდების საშუალებები ფრონტერას მიერ საქართველოში მწარეხევის გაზის კომპლექსის და ტარიბანის საბადოს კომპლექსის ფარგლებში წარმოებული სამუშაოების შედეგად იდენტიფიცირებული 365 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის პერსპექტიული გეოლოგიური რესურსებიდან, აქედან 266 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ამოსაღები პერსპექტული რესურსებიდან.

30 ივნისს, უკრაინის "ნაფტოგაზმა" განაცხადა, რომ 2015 წლის 1 ივლისიდან რუსული "გაზპრომის" გაზს აღარ შეიძენდა, ვიდრე სასურველ პირობებზე მხარეები არ შეთანხმდებიან. პასუხად რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

რაც შეეხება საერთაშორისო კომპანია "ფრონტერას", ის 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიის სტრატეგიაა ნახშირწყალბადების მოპოვება და ოპერირება იმ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში, რომელიც შავი ზღვის აუზს ეკუთვნის.

ბელა ნოზაძე