„ლარის გამყარებაში მოკლევადიანი მონეტარული პოლიტიკა ნაკლებ როლს თამაშობს, ეს უფრო მოლოდინებთანაა დაკავშირებული,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა ისაუბრა.
ცნობისთვის, ეროვნული ვალუტა ბოლო 9 დღის განმავლობაში, 27 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, დოლართან მიმართებით 4 თეთრით, ევროსთან კი 9 თეთრით არის გამყარებული.
„ლარი ბოლო 2 თვის განმავლობაში საკმაოდ მერყეობს, რაღაც პერიოდი ლარი გაუფასურდა, ახლა კი უფრო გამყარდა. ჩემი აზრით, მოკლევადიანი მონეტარული პოლიტიკა ნაკლებ როლს თამაშობს, ეს უფრო მოლოდინებთანაა დაკავშირებული. მე ვიტყოდი რომ ლარის დღევანდელი მდგომარეობა არის სხვადასხვაგვარი განწყობებისა და მოლოდინების შედეგი. ჩემი აზრით ეს უფრო არის ორი განსხვავებული მოვლენის განვითარების სცენარზე სპეკულირება ბაზრის მიერ.
მე ვიტყოდი ორი ძალა ებრძვის ერთმანეთს. ერთის მხრივ არის შიში, რომ იზოლაციისკენ წავალთ და მოვწყდებით დასავლურ სამყაროს, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება ლარსა და ეკონომიკურ პერსპექტივებზე. მეორეს მხრივ კი, არის იმედი, რომ პოლიტიკური კრიზისი მოგვარდება. ის ვინც თამაშობს ამ ბაზარზე, ვიღაც შეიძლება ფსონს აკეთებდეს იმაზე, რომ ყველაფერი ცუდად წარიმართება, ვიღაც კი ფსონს აკეთებდეს ახალი არჩევნების დანიშვნაზე. თუ ახალი არჩევნები დაინიშნება, ეს განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება,“ - აღნიშნა ბედინეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული დედაქალაქში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე არ აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას და მათ საბიუჯეტო დახმარებაზეც უარს ამბობს. ექსპერტების და ბიზნესის ნაწილი კი არსებული პოლიტიკური კრიზისის ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ სიტუაცია არ დასტაბილურდება, პოლიტიკური კრიზისი შესაძლოა, ეკონომიკურშიც გადაიზარდოს.